კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები "განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. ერთობლივ განცხადებაში მარტა კოსი და კაია კალასი მოუწოდებენ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

განცხადებაში, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.

„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.

დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.

ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის