10 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კამპუსში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ყოვეწლიურ კამპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოც უერთდება და საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით წლევანდელი თემის ირგვლივ მრგვალი მაგიდის ფორმატით ღონისძიებას გამართავს. სფეროს ექსპერტები ღონისძიების მთავარ თემაზე - ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰუმანიტარული საგანგებო სიტუაციების დროს მოხსენებებს წარადგენენ, ხოლო მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილი ქვეყნისთვის აქტუალურ თემას გემბლინგთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების მართვას მიეძღვნება. მრგვალი მაგიდის ფორმატზე მოწვეულნი არიან თემის ექსპერტები, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ქართველი იმუნოლოგი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ამირან გამყრელიძე, უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დირექტორი თამარ ლობჯანიძე, პროფესორები ნანა ზავრადაშვილი, ნათია სხვიტარიძე და გიორგი ბახტურიძე, ასევე მოწვეული სამოქალაქო აქტივისტი თამარ ჯაფარიძე და სხვა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს. წლევანდელი კამპანია ფოკუსირებულია ჰუმანიტარული საგანგებო სიტუაციებით დაზარალებული ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მხარდაჭერის გადაუდებელ აუცილებლობაზე. ისეთი კრიზისები, როგორიცაა: სტიქიური უბედურებები, კონფლიქტები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციები იწვევს ემოციურ დისტრესს, ამ დროს ყოველი მეხუთე ადამიანი განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას.
„ასეთი კრიზისების დროს ინდივიდების ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა არა მხოლოდ მნიშვნელოვანია - ის არჩენს სიცოცხლეს, აძლევს ადამიანებს ძალას გაუმკლავდნენ სიტუაციას, აძლევს სივრცეს განკურნებისა და აღდგენისთვის არა მხოლოდ როგორც ინდივიდებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ყველასთვის, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმწოდებლებისთვის, სკოლის თანამშრომლებისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, გაერთიანდნენ. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ყველაზე დაუცველებს ჰქონდეთ წვდომა საჭირო მხარდაჭერაზე, ამავდროულად დავიცვათ ყველას კეთილდღეობა“, - აღნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
მრგვალი მაგიდის მიზანია საზოგადოების და განსაკუთრებით, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტი-ახალგაზრდების ყურადღება გამახვილდეს ზემოაღნიშნულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მისი გადაჭრის გზებზე. საქართველოს უნივერსიტეტი არის ჯანსაღი უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის წევრი და სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სერვისის განვითარება, იმისთვის, რომ კრიზისულ სიტუაციებში მოხდეს შესაბამის პირთა ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა.
მრგვალ მაგიდაზე ასევე განიხილება ქართული რეალობისთვის აქტუალური თემა - გემბლინგი, მასზე დამოკიდებულება და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვა.
„თამაშდამოკიდებულება, წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას საქართველოში, ვინაიდან ერთი მილიონი ადამიანი ჩართულია სხვადასხვა სახის აზარტულ და მომგებიან თამაშებში, 300 000 ადამიანი კი დამოკიდებულია ასეთ თამაშებზე. თამაშდამოკიდებულება (სხვაგვარად გემბლინგი ან ლუდომანია) რომელიც ქცევით უძლიერეს დამოკიდებულებას იწვევს, წარმოადგენს სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების საფუძველს, სუიციდის ჩათვლით. სუიციდის მსხვერპლი თითქმის ყოველი მეორე ადამიანი თამაშდამოკიდებული იყო. ესაა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ქვეყანაში არსებული ეპიდემია და სერიოზული გამოწვევა“, - აღნიშნავს თამარ ჯაფარიძე, დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მრგვალი მაგიდის შედეგად გაზიარდება საზოგადოების, განსაკუთრებით უნივერსიტეტში დასაქმებულთა და სტუდენტთა ცნობიერება აღნიშნულ საკითხებზე, ასევე შემუშავდება რეკომენდაცია საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი სერვისის ჩამოსაყალიბებლად, სადაც ყველა დაინტერესებულ ან დაზარალებულს საშუალება ექნება პროფესიული რჩევა/კონსულტაცია მიიღოს შესაბამისი სპეციალისტის/სპეციალისტების მხრიდან. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა ყველას მოუწოდებს - მეტად გააძლიერონ ძალისხმევა ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა დაფასებული, დაცული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, განსაკუთრებით კი საგანგებო სიტუაციების დროს.
(R)