გიგი წერეთელი - პროდასავლური პარტიების აკრძალვის სურვილის გახმოვანებაც კი, არათუ განხორციელება, ნათლად აჩვენებს, რა მიმართულებით მიდის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველობა - მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში არსებობს

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, დემოკრატიული, პროდასავლური პარტიების აკრძალვის სურვილის გახმოვანებაც კი, არათუ მისი განხორციელება, ნათლად აჩვენებს, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველობა.

როგორც წერეთელი აცხადებს, მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში არსებობს და სრულიად შეუთავსებელია პოლიტიკური პლურალიზმის კონსტიტუციურ პრინციპებთან.

„როცა მმართველი დაჯგუფება თავს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს და მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაშინ, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, ყველაფერი მოსალოდნელია - პროტესტის ჩახშობაც, პოლიტიკური პატიმრობებიც, მიკერძოებული სასამართლოც, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაზე შეტევაც, განათლების სისტემის "რეფორმაც”, ევროინტეგრაციის შეჩერებაც, თავისუფალი არჩევანის თუ ნებისმიერი სახის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების შეზღუდვაც.

სწორედ ამ რეალობას არ ეგუება საზოგადოების დიდი ნაწილი, ახალგაზრდებიც და უფროსი თაობაც, როცა თითქმის წელიწადია, მშვიდობიან წინააღმდეგობაშია ოლიგარქიული სისტემის ქმედებებთან. “ოცნების” ამოცანაა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით საბოლოოდ გააქროს თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა, გააღრმაოს დღეს არსებული იზოლაცია დემოკრატიულ დასავლეთთან, მოახდინოს ამომრჩევლის დემოტივაცია და არჩევანის უფლების წართმევა, არიოს ოპოზიციური ველი და ხელოვნურად შექმნას საკუთარი “ოპოზიცია”.

განსაკუთრებით ეგზოტიკურია განცხადება ოპოზიციის ეტაპობრივ აკრძალვაზე- გარდა პირველ რიგში დასახელებული პარტიებისა, ასევე აკრძალვით ემუქრებიან რამდენიმე პარტიას, მათ შორის “ევროპულ საქართველოს” თუ მათი აქტივობა და ელექტორალური მხარდაჭერა გაიზრდება. ეს ნათლად ადასტურებს, რომ ამ სადამსჯელო ოპერაციის მიზეზი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური საქმიანობაა და არა სხვა ხელოვნურად შეთხზული საფუძვლები. ისედაც, ოპოზიციის შევიწროება პოლიტიკურად, ორგანიზაციულად თუ ფინანსურად, უკიდურესად ართულებს მათ საქმიანობას, ამიტომ, ეს გადაწყვეტილებაც არ იქნება განსაკუთრებით დრამატული შედეგით.

ნებისმიერ შემთხვევაში, მაქვს დიდი იმედი, რომ ამ ავტორიტარულ გეგმას, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები სათანადო სიმტკიცით, გონივრულობით და კონსოლიდაციით უპასუხებენ და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ დაუშვებენ საქართველოს დაბრუნებას რუსეთის სრული გავლენის სივრცეში“,-აცხადებს გიგი წერეთელი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს