ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ლი ციანთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც არსებითია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსური ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფანში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინტერესო პარტნიორად გვაქცევს ჩინეთისთვის“, -აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ამას ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა.

„მან პირდაპირ თქვა, რომ საგადახდო სისტემების მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ეს არის ჩვენი ძალისხმევის დაფასებაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც დავიწყეთ ძალიან აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის CIPS-ის მენეჯმენტთან. ქართული ბანკები აქტიურად მიმართავენ ამ სისტემას იმისთვის, რომ მისი პირდაპირი მონაწილეები გახდნენ, რაც იუანში განხორციელებული ტრანზაქციების უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად, შუამავლების გარეშე შესრულების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა