მიხეილ სააკაშვილი - ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ

ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ნამდვილად მოუწოდებდა დასავლეთში მის მრავალრიცხოვან მეგობრებს „ქართული ოცნების“ დასანქცირებისკენ და ამის გამო ბრალის წაყენებას არ აპროტესტებს.

„მე ჩემის მხრივ ვაპროტესტებ, მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, რომ კიდევ მოვუწოდებ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ახალი ბრალდება წარედგინა.

კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც სააკაშვილმა მოგვიანებით გამოაქვეყნა, განმარტა, რომელ განცხადებას ეხება მისთვის წარდგენილი ბრალი. სააკაშვილის თქმით, ბრალი წაუყენეს განცხადების გამო, რომელშიც მოუწოდებდა ხალხს, "სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან".

"მე ოფიციალურად წამიყენეს ბრალი ჩემს პოლიტიკური მართლმსაჯულების "სასამართლო სხდომაზე" გაკეთებული განცხადების გამო (რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა), რომელშიც მოვუწოდებდი ხალხს, სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან. დიახ, ამ განცხადების გარშემო ტრიალებდა ჩემი დაკითხვაც და ამას ეფუძნება ჩემი ბრალდება. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას კიდევ ერთი ტიტული დაემატა, ის სამართალდამცველიდან გარდაიქმნა ზვიგენთ დამცველად. მე უკვე დიდი ხანია გამოკეტილი ვარ ძირითადად პიჯაკების ყიდვის საქმეზე და ახლა ამას დაემატა „ზვიგენის სელფის“ საქმე. გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ბრალ წაყენებულ პოლიტიკოსს და დაპატიმრებულ უდანაშაულო ადამიანებს.

მინდა, მოვუწოდო დასავლეთს, დაუყოვნებლივ შემოიღოს ბევრად უფრო მკაცრი და ფართო სანქციები ივანიშვილის ბანდიტური დიქტატურის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალაც, ნიჭიც და გამბედაობაც, რათა ეს აყროლებული ნაგავი სახლიდან გაიტანოს და ისტორიის სანაგვეზე მიუჩინოს ადგილი. ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა. ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება, რათა დავიბრუნოთ აწმყო და მომავალი.და ბოლოს, იქნებ მათ ვინც აქამდე არ იმჩნევდა ჩემს პოლიტიკურ პატიმრობას, პირადი მოსაზრებების გამო, ახლა მაინც გაუსწორონ სიმართლეს თვალი და ამოღერღონ, თუ რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე", - წერს სააკაშვილი.

გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025