სებ - საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება.

“აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის