გთავაზობთ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში მთავარ საკითხად შევიტანოთ ევროკომისიის ანგარიშის განხილვა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი სრულიად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში საგარეო ვექტორის ცვლილების კუთხითა.
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი სრულიად შეუსაბამოა იმ მწვავე რეალობასთან, რაც გვაქვს ქვეყანაში საგარეო ვექტორის ცვლილების კუთხით. ვგულისხმობ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ უკიდურესად კრიტიკულ ანგარიშს ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს აქვს ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებთან სახიფათოდ შეუთავსებელი დემოკრატიული უკუსვლა, რაც საფრთხის წინაშე აყენებს კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ამიტომ არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი დღეს საქართველოს პარლამენტში ტარდებოდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში საერთოდ არ იყოს ევროკომისიის ანგარიშის განხილვა.
გთავაზობთ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში მთავარ საკითხად შევიტანოთ ევროკომისიის ანგარიშის განხილვა და ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსმენა“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომის ფორმატში ევროკომისიის ანგარიშის განხილვის მზაობა გამოხატა.
მან თავდაპირველად შარაშიძეს განუმარტა, რომ რეგლამენტი ოპოზიციას მთავრობის წევრების მოწვევისა და მათთვის კითხვების დასმის საშუალებას აძლევს. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ბერკეტები, რაც მას რეგლამენტით გააჩნია და თუ სურვილი ექნებათ, მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს მოიწვევენ.
„გთავაზობთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ რეგლამენტით გათვალისწინებული საშუალებები, რაც ოპოზიციას გაქვთ. კომიტეტზე ნებისმიერი სამინისტროს წარმომადგენელს მოვიწვევთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის სახით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ეს ბერკეტები.
რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშს, რა თქმა უნდა, ანგარიში სასიხარულო და მოსაწონი არ არის, თუმცა მეორეს მხრივ, მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტმა შემიძლია ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ. პირველად მოხდა ევროკომისიის ანგარიშში ისეთი ფაქტების დასახელება, რომელსაც ადგილი არ ჰქონია. კრიტიკული ანგარიში ადრეც ყოფილა, მაგრამ ევროკომისია ყოველთვის ცდილობდა ობიექტურობის პრინციპი დაეცვა. ამ შემთხვევაში სრულიად გაუგონარი განცხადებები ვნახეთ, რომ თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, როცა ასეულობით რეზოლუციას მივუერთდით. ასევე თითქოს რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. მე არ მახსოვს 2025 წელს რეზინის ტყვიები როდის გამოიყენეს.
იყო ბევრი სხვა დეზინფორმაციული ჩანაწერი. ამიტომ ანგარიშს უნდა შევხედოთ კრიტიკულად ორივე მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ამ ანგარიშის განხილვა მოვაწყოთ გინდ კომიტეტში, გინდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე“, - მიმართა სამხარაძემ გიორგი შარაშიძეს.