საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების მიმართ ითხოვს გირაოს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით.
პროკურორის თქმით, საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზოგი ბრალდებულების მიმართ, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. აღნიშნული ბრალდებულების მიმართ ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს. ხოლო რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დანარჩენები იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მათ მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა.
საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნები“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერის ფიგურანტები არიან „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე, „უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირების დავალებით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და მიზნად ჰქონდათ ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლა“.
„ფარული ჩანაწერის ფიგურანტი პირები არიან ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხვა პირებთან ერთად. საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები მათ აძლევს დავალებებს, რომ შეაგროვონ და გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია და ცრუ ნარატივები, თითქოს საქართველოს სახელმწიფო არღვევს სანქციებს და აკრძალული საქონელს და აკრძალულ იმპორტულ ტვირთს იღებს საქართველო და ასევე საქართველოს საჰაერო საზღვარი გამოყენებული იყო რუსეთისთვის იარაღის, საბრძოლო დრონების მისაღებად. ეს ინფორმაცია იყო სიცრუე და გამოგონილი და ამ ინფორმაციას მიზანმიმართულად აგროვებდნენ და ავრცელებდნენ. მათი მიზანი იყო ამ უკანონო და დანაშაულებრივი მეთოდებით მომხდარიყო კანონიერად არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მოსულიყო მათთვის ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მოსვლა“, - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.