თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს, მოსამართლემ გიორგი ბარამიძე დარბაზიდან გააძევა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იწყებს საუბარს, სანამ არ დარწმუნდება რომ „ტვ პირველი” ან „ფორმულა“ არ სხედან სხდომათა დარბაზში და არ გადასცემენ სიგნალს. ამასთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძემ სხდომათა დარბაზიდან პროკურორს რეპლიკის სახით გასძახა, რომ „პოლიტიკური პროცესია, ხალხს უნდა დაელაპარაკოს. აბა თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ“.

ამის შემდეგ მოსამართლემ ბარამიძეს მოუწოდა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დააყენა შუამდგომლობა ჯერ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის და შემდეგ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე არის პოლიტიკური.

დღევანდელ სასამართლო პროცესს რვა ბრალდებულიდან მხოლოდ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ესწრება.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია