მარკო რუბიო - ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი - ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა თავისი ეროვნული უსაფრთხოება

ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, განიხილეს თუ არა ევროპელმა მინისტრებმა კანადაში გამართულ შეხვედრაზე კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის მიერ ნავებზე განხორციელებული დარტყმები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ მასთან ეს საკითხი არავის განუხილავს.

„არა, ჩემთან ეს არავის განუხილავს. შესაძლოა, ეს საკითხი თავად, ერთმანეთში განიხილეს. მაგრამ, ჩვენთან შეხვედრების დროს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, ნარკოტიკები ვენესუელის გავლით ევროპაშიც იგზავნება, ამიტომ მათი განადგურებისთვის აშშ-ს მადლობა უნდა გადაუხადონ.

„ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა თავისი ეროვნული უსაფრთხოება. აშშ-ს ჩვენს ნახევარსფეროში თავს ორგანიზებული კრიმინალური ნარკოტერორისტები ესხმიან და პრეზიდენტი ამას ჩვენი ქვეყნის დაცვის მიზნით პასუხობს. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ ამ ქვეყნებს სურთ, ჩვენ მათ ბირთვული შესაძლებლობების მქონე Tomahawk-ის ტიპის რაკეტები გავუგზავნოთ, რათა ევროპა დაიცვან, მაგრამ როდესაც აშშ თავის ნახევარსფეროში ავიამზიდებს განათავსებს, მაშინ ეს რატომღაც პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, კანადაში შეხვედრის დაწყებამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ დარტყმები „საერთაშორისო სამართლის დარღვევას“ წარმოადგენს და რეგიონში საფრანგეთის ტერიტორიებისთვის შემაშფოთებელია. ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ დარტყმები, მხოლოდ თავდაცვითი მიზნით ან გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით შეიძლება იყოს გამართლებული.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ წყნარ ოკეანეში ნავებზე დარტყმებს ახორციელებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნავებს ნარკოტიკები გადააქვთ. ბოლო მონაცემებით, აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნავებზე 19 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს