ზაზა ვაშაყმაძემ პრაღის კონფერენციაზე გამოსვლა ოკუპაციის თემას მიუძღვნა

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მიმდინარე რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის კონფერენციას - „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გამოსვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს მიეძღვნა.

„კერძოდ, ქართველი მართლმადიდებლებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ღვთისმსახურების, გადაადგილების, საოკუპაციო ხაზის მიღმა მდებარე ტაძრებში რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრების უფლების აკრძალვას, რაც არის ეთნიკურ-რელიგიური დისკრიმინაცია და სეგრეგაცია მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა მიმართ. „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მისი კანონიკური იურისდიქციის ქვეშ განიხილავს. ამ ფაქტს ფორმალურად არც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებული სახელმწიფო სუვერენიტეტისა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია სეპარატულ ეპარქიებს ფორმალურად არ აღიარებს. თუმცა, რეალურად რუსეთის საპატრიარქო კრემლის პოლიტიკას იმეორებს - საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავს საეკლესიო მსახურები ცხინვალსა და აფხაზეთში, ვერ განკარგავს ეკლესიებს და ვერ ურთიერთობს ქართველ მართლმადიდებელ მრევლთან“ – განაცხადა თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე რეგიონში ინგრევა და პარტახდება ქართული მართლმადიდებლური ტაძრები, სისტემატურად მიმდინარეობს არალეგალური სარესტავრაციო სამუშაოები, მძვინვარებს ე.წ. შავი არქეოლოგია, შლიან ქართულ კვალს, ყოველგვარ დასტურს იმისას, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, 2008 წლის ოკუპაციის მიმართ მსოფლიო სათანადო ყურადღება რომ გამოეჩინა, უკრაინაში ომი აღარ იქნებოდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ საკითხით რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი დაინტერესდა. მსმენელები, ასევე, დაინტერესდნენ სააგენტოს პუბლიკაციით - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სალოცავების მდგომარეობას ასახავ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის