ყველას ვურჩევ, რომ ახლავე დაიწყონ ზრუნვა იმისათვის, რომ კვალიფიციური ადვოკატები აიყვანონ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საუბრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური მართლმსაჯულების, მიუხედავად იმისა, „გახარიამ როდის რა ჩაიდინა“.
“ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც ამ ეპიზოდების [20 ივნისი, ჩორჩანა] დროს იკავებდა თანამდებობის და ახლა სხვანაირად ჭიკჭიკებენ, მინიმუმ საქმის თანამონაწილეები არიან და დანაშაულის დაფარვაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ახლა რომ დაეწყობიან სიმაღლის მიხედვით და ხელს აიქნევენ, რომ „ახლა ამას ვერჩით“, ხოლო სხვებზე ნათქვამია: „ამას არ ვერჩით“, მათ ყველას ვურჩევ, რომ ახლავე დაიწყონ ზრუნვა იმისათვის, რომ კვალიფიციური ადვოკატები აიყვანონ, რაც უფრო ღრმად შევლენ ამ საქმეებში, ღარიბაშვილის საქმე იქნება თუ გახარიასი, თავისთვისვე მოამზადებენ საბრალდებო დასკვნას.
გახარიას რისთვისაც ახლა წინასწარ პატიმრობას უფარდებენ და რა ბრალიც წაუყენეს, როდის მოხდა ეგ ამბავი? 5-6 წელია გასული ორივე ეპიზოდიდან. მე მინდა, კითხვა დავსვა, ხუთი წელი რას ეძებდა პროკურორი, რის გარკვევას მოანდომეს? ჩორჩანა მოხდა პირდაპირ ეთერში, 20 ივნისი მოხდა პირდაპირ ეთერში. რამე საიდუმლო დოკუმენტები ხომ არ იყო კორუფციული სქემებივით, ყველაფერი ღიად ხდებოდა და 5 წლის განმავლობაში რას იძიებდნენ? რა იპოვეს ახალი, რაც არ იცოდნენ მაშინ, როცა ეს ამბები მოხდა? ორივე მოვლენა იყო სუპერმნიშვნელოვანი ქვეყნის ცხოვრებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. იმ დღეებში რით იყო დაკავებული ან პოლიცია, ან უშიშროება, ან პროკურატურა, ან ის მინისტრები, ახლა რომ გამოდიან.
დღეს ერთადერთი კითხვაა დასასმელი: მაშინ რას აკეთებდით, თუ რამე იყო, რატომ ვერ ან ან დაინახეთ? თუ არ დაინახეთ, მაშინ ეს არის თქვენი მართლმსაჯულება? ამაზე ამბობთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა? აბა, რა არის მაშინ. თუ მაშინ ან და ვერ დაინახეთ, ხუთი წლის მერე როგორ დაინახეთ? როდესაც ამას ხელისუფლება შეგნებულად ჯერ ფარავ, მერე როცა დაგჭირდა კომპრომატად გაქვს შენახული და ახლა ამოაძრობ ამას და ვიღაცას ეუბნება, ახლა მე მინდა, გავანადგურო, მოვსპო, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.