გედევან ფოფხაძე - შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია - ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.

გედევან ფოფხაძე პარლამენტის წინა შესასვლელთან უწყვეტად, უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა და საქართველო იზოლაციისკენ და რუსული დიქტატურისკენ მიექანება.

„შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, საერთო მდგომარეობა ყველას ნორმალური აქვს, ჩვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვიძახებთ და ვამოწმებთ პარამეტრებს, რომ ყველაფერი სტაბილურად იყოს.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი ქმედებით უნდა გვეთქვა სათქმელი და არა არგუმენტებით. ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ქვეყანა მიექანება იზოლაციისკენ და რუსული დიქტატურისკენ. ციხეები გაივსო პოლიტიკური პატიმრებით და პროტესტის გზებიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. შიმშილობა კი პროტესტის ფორმაა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყენებდა საბჭოური იმპერიის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ მეთოდს დღესაც აქვს თავისი ეფექტი.

მგონია, რომ ამ აქციამ რუსთაველის პროტესტი გააძლიერა. ჩვენ გაუთავებლად მოვუწოდებთ ყველას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროტესტი, მოშიმშილეთა სოლიდარობის პროტესტით, 24 საათიანი შეკრებებით და საუბრით იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რომ ეს პროტესტი გააძლიეროს. ამიტომ, მგონია, რომ შიმშილობის აქცია კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ელევიან თავიანთი კომფორტის ზონას და ჰგონია, რომ ამ პირობებში შესაძლებელია რეჟიმთან ერთად თანაცხოვრება. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და უნდა დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი! ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისათვისა და ევროპული ოჯახის წევრობისთვის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის