ის, რაც ხდება ბოლო ორი დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგება, ხელისუფლება საქართველოს ნაკრების გვერდით დგას და სოლიდარულია.
„თავის დროზე, როდესაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინ საჯაროდაც ვსაუბრობდით, წარმოვიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ საბერძნეთთან ვერ მოგვეგო და ვერ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ფეხბურთში ერთ წამში შეიძლება გადაწყდეს მატჩის ბედი და სხვა მიმართულებით წავიდეს. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა ტიპის კამპანია ექნებოდათ მათ ნაკრების წინააღმდეგ. ერთი წამი გადაწყვეტდა. ჩვენი დამოკიდებულებაა - მნიშვნელობა არ აქვს, მოგებაა თუ წაგებაა, როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ყოველთვის ვუდგავართ საქართველოს ნაკრებს გვერდით, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი ქომაგობით, ჩვენი სოლიდარობით. მათი დამოკიდებულება გახსოვთ, რა მოხდა, როდესაც პირველი მცდელობა გვქონდა და მაკედონიასთან ვერ მოიგო ნაკრებმა, რა კამპანიას აწარმოებდნენ ისინი. გახსოვთ, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, როდესაც ის „რუბინიდან“ მოდიოდა, ბოლო მატჩი იყო და სიმბოლურად კაპიტნის სამკლავურით გამოიყვანეს მატჩზე და რამხელა კამპანია ჰქონდა მთელ ამ ლიბერალურ ფაშიზმს, რადიკალურ ოპოზიციას ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. ასევე, თორნიკე შენგელია როდესაც „ცეესკაში“ გადავიდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ცეესკას“ რუსეთის არმიასთან, რამხელა კამპანია აწარმოეს. მერე როგორ ხდებოდა ფეხბურთელების დაყოფა გამარჯვების შემდეგაც. გამოაცხადეს, რომ ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი ფეხბურთელი იყო სახალხო ფეხბურთელი და სხვები არ იყვნენ სახალხო ფეხბურთელები, ჰყავდათ საკუთარი ფავორიტები და სხვები იყვნენ არაფავორიტები, ეს არის სიმახინჯე, რასაც აჩვენებს მუდმივად ჩვენი რადიკალური ოპოზიცია. ამ ორდღიანი კამპანიის განმავლობაშიც ამას ვხედავთ. ამხელა სიხარული მოგვანიჭეს ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა შარშან, რითაც მთელი საზოგადოება იყო აღტაცებული. ასეთი სიხარული ბევრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ნებისმიერ ნაკრებს, საქართველოს კი არა, ესპანეთის და იტალიის ნაკრებს აქვთ კრიზისული პერიოდები და ეს მათ შორის, შეიძლება ტრავმებმა და ათასმა რამემ განაპირობოს. როდესაც ერთ პატარა კრიზისულ ეტაპზე შენ ასეთ სიძულვილის, ზიზღის კამპანიას აწარმოებ, კონკრეტულად მამარდაშვილის წინააღმდეგ, კაცი არის, რომელიც საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, სპორტსმენზეც არ ვამბობ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია, რომელიც "ლივერპულის" კარს იცავს და ვიღაცა სრულიად წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი წარუმატებლობით არიან გამწარებული, კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ მამარდაშვილის წინააღმდეგ. ეს ხომ აჩვენებს მთლიანად მათ სახეს. როდესაც სიბნელეზეა საუბარი, ეს ორდღიანი კამპანიაც, რაც წამოიწყეს მათ ნაკრების და ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ, ზუსტად ასევე მეტყველებს მათ სიბნელეზე.
მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი ნაკრების მიმართ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან დიდი წარმატებები ექნებათ. ერთ წელიწადში იწყება ახალი შესარჩევი ტურნირი და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს.
როგორ შეიძლება, მამარდაშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და შენ გამოხვიდე გამარჯვებული, ვიღაც სრულიად წარუმატებელი, კრახგანცდილი ადამიანები ყველაფერში. ყველაფერში კრახი ხომ არ შეიძლება, განათლება ვერ მიიღე, პოლიტიკაში წარუმატებელი იყავი, აქციაზე გამოხვედი და 149 კაცთან ერთად დგახარ, არჩევნები ვერ მოიგე, ყველაფერში კრახი გაქვს, სადღაც ხომ უნდა დაფიქრდე, რომ შენშია ამ წარუმატებლობის მიზეზი და არა მაგალითად გიორგი მამარდაშვილში“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ორგანულად მიუღებელია ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი და სწორედ ამიტომ აწარმოებენ კამპანიას ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სიამაყესთან.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე, მათთვის ორგანულად მიუღებელია გიორგი მამარდაშვილი, როგორც თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები".
„ჩვენ არ გაგვირჩევია არც ერთი ფეხბურთელი არასდროს არც პირად ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში და არც საჯარო დამოკიდებულებაში. გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ორი ოლიმპიური ჩემპიონი. აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი. როდესაც საქმე ეხება ორ ადამიანს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე აწიეს საქართველოს დროშა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი პარლამენტში. არც ერთ ჩვენს დეპუტატს არასდროს არ უკადრია ამ დეპუტატთან დაკავშირებით ერთი აუგი სიტყვის თქმა, რადგან პირველ რიგში პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს და ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც ადამიანს უმაღლეს მწვერვალზე აქვს აღმართული შენი დროშა, იმას მაქსიმალური პატივი უნდა სცე. ეს არ აქვთ ლიბერალ-ფაშისტებს, იმ 150 კაცს, რომელიც იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე, „ნაცებს“ ოთხივე პოლიტიკური პარტიიდან. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ეროვნული ღირსების განცდა, სიამაყის განცდა. შეუძლიათ, ერთ დღეში გაყიდონ ადამიანი, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა ქვეყანას. ერთ დღეში შეუძლიათ, გამოაცხადონ მოღალატედ ადამიანი, რომელიც არის ასოცირებული შენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატების მოტანასთან. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე. სიბნელე, ეს ვლინდება ფეხბურთთან, სპორტთან, ინვესტიციებთან, ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, ყველაფერში ვლინდება ეს დამოკიდებულება. ამიტომ თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რადგან არ შეიძლება სიძულვილს ჰქონდეს ამხელა გასაქანი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ ნაკრების ქომაგებად, რომ ამ ტალღას აჰყოლოდნენ, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო სხვა ქმედება მათთვის კონტრპროდუქტიული. ამას არ გააკეთებდნენ რატომ - ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ სფეროში, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე მათთვის მიუღებელია ორგანულად გიორგი მამარდაშვილი როგორც შემდგარი ავტორიტეტი თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები. ორგანულად მიუღებელია ამ არაფორმალური მმართველობისთვის, უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი. სწორედ ამიტომ აწარმოებენ ასეთ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან, ეს ეხება სპორტს, ეს ეხება ინვესტიციებს, ეს ეხება ყველაფერს. აქედან გამომდინარე ყველას შეგვიძლია, ვუთხრათ ერთი რამ, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი, ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.