ირაკლი კუპრაძე - სამარცხვინო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება კერძო პროექტის პრომო-გუნდად იქცა - ირაკლი კობახიძის მიზანია, საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისთვის, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტზე თქვას ტყუილი

ე.წ. ხელისუფლება ერთი კერძო არაბული პროექტის პრომო-გუნდად იქცა, რომელიც მათ არეკლამებს და თან ამ ყველაფერში ჩართულია ქვეყნის ე.წ. პირველი პირი, ე.წ. პრემიერი ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც 26 ნოემბერს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით დაგეგმილ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი Eagle Hills-ის პროექტი იქნება.

მისი თქმით, ინტერპელაციის საშუალებით „ქართული ოცნება“ პროპაგანდისა და ტყუილის გავრცელებას ეცდება.

„ივანიშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი მიზანია, რომ ინტერპელაციის საშუალებით კიდევ ერთხელ „გააპრავოს“ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს იმისათვის, რომ მრავალგზის თქვას ერთი და იმავე პროპაგანდა და ტყუილი.

სამარცხვინო და სამწუხარო რეალობაა, რომ ე.წ. ხელისუფლება ერთი კერძო არაბული პროექტის პრომო-გუნდად იქცა, რომელიც მათ არეკლამებს და თან ამ ყველაფერში ჩართულია ქვეყნის ე.წ. პირველი პირი, ე.წ. პრემიერი ირაკლი კობახიძე. ეს ყველაფერი კი დამღას ასვამს იმას, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიზანი კორუფციული და კრიმინალური ინტერესების გატარებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კერძო ინტერესებს ემსახურება“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ინფორმაციისთვის, 26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ინტერპელაციის საკითხი ორ თემას შეხება, ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და Eagle Hills- ის პროექტთან დაკავშირებული საკითხი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს