კარტელური გარიგებების აკრძალვა ევროკავშირში და საქართველოს მდგომარეობა კონკურენციის პოლიტიკის ნაწილში

კონკურენციის პოლიტიკა, შიდა ბაზრის რეგულირების ნაწილში, ევროკავშირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამ სფეროში ევროკავშირი იღებს კანონებს, აღასრულებს მათ, აწარმოებს გამოძიებას, აკისრებს სანქციებს კანონდამრღვევ კერძო პირებს/ბიზნესს. კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: ბიზნესის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, ბიზნეს სუბიექტებს შორის შეთანხმებების აკრძალვა (კარტელები), შერწყმის მონიტორინგი და სახელმწიფო დახმარების/სუბსიდირების მონიტორინგი.

კონკურენციის რეგულირების მიზანია: ა) ბაზრის თავისუფლება და ბიზნესის დაცვა (სახელმწიფოს ან სხვა კონკურენტი ბიზნესის მხრიდან ნეგატიური ჩარევისგან); ბ) ბიზნესის კეთილსინდისიერი ქმედება და გ) მომხმარებლის დაცვა (არ გადაიხადოს ზედმეტი, არ მოტყუვდეს და ჰქონდეს არჩევანი).

კარტელები ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსავლენი პრაქტიკაა, თუმცა, ევროკომისია დიდ ძალისხმევას მიმართავს ბაზრის თავისუფლების შენარჩუნებისკენ. კონკურენცია და თავისუფალი ბაზარი კი ხელს უწყობს ჯანსაღ შეჯიბრს ბიზნეს სუბიექტებს შორის, ხოლო მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს კმაყოფილებასა და უვნებლობას.

ძალიან საინტერესოა ევროკავშირის უახლესი ქეისები, კერძოდ:

- Delivery Hero და Glovo ქეისი

ევროკომისიამ დააჯარიმა კარტელში მონაწილეობისთვის Delivery Hero და Glovo - საკვების მიწოდების ორი მსხვილი კომპანია, საერთო ჯამში 329 მილიონი ევროს ოდენობით. 2018 წლის ივლისში Delivery Hero-მ შეიძინა Glovo-ში უმცირესი, საკონტროლო უფლებამოსილების არმქონე წილი და შემდგომ წლებში ინვესტიციების გზით ეტაპობრივად გაზარდა ეს წილი. 2022 წლის ივლისში Delivery Hero-მა უკვე სრულად დაამყარა კონტროლი Glovo-ზე. კომისიამ დაადგინა, რომ 2018 წლის ივლისიდან 2022 წლის ივლისამდე, Delivery Hero და Glovo ეტაპობრივად აუქმებდნენ ერთმანეთზე კონკურენტულ ზეწოლას და კონკურენციას ანაცვლებდნენ მრავალშრიანი ანტიკონკურენტული კოორდინაციით. კერძოდ, კომპანიები: (i) შეთანხმდნენ ერთმანეთის თანამშრომლები არ დაექირავებინათ („no-poaching“ შეთანხმება); (ii) გაცვალეს კომერციულად მგრძნობიარე ინფორმაცია; და (iii) გაინაწილეს გეოგრაფიული ბაზრები (სამოქმედო არეალი). დარღვევამ მოიცვა ევროპული ეკონომიკური სივრცე (EEA) და ასეთი ქმედება გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში. მსგავსი კარტელები ამცირებენ არჩევანს მომხმარებლებისთვის, ამცირებენ შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის, ასუსტებენ კონკურენციისა და ინოვაციის სტიმულებს. ორივე კომპანიამ აღიარა კარტელში მონაწილეობა და დათანხმდა საქმის გარიგებით დასრულებაზე. ეს არის პირველი გადაწყვეტილება, სადაც კომისიამ დაადგინა კარტელი შრომის ბაზარზე.

- სავალუტო (FOREX) სპოტ-ვაჭრობის კარტელ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ძალაში დატოვა საბანკო კარტელთან დაკავშირებული ევროკომისიის გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა ბანკების დაჯარიმებას „სპოტ-ვაჭრობის“ კარტელში მონაწილეობისთვის. ხუთმა მსხვილმა საერთაშორისო ბანკმა ერთმანეთში გაცვალეს კომერციულად მნიშვნელოვანი და სენსიტიური ინფორმაცია (Credit Suisse, Barclays, HSBC, RBS და UBS) ტრეიდერებს/მოვაჭრეებს შორის G10 ვალუტების „FOREX spot trading“-ის ბაზარზე. 2011-2012 წლების განმავლობაში, ინფორმაცია ნაწილდებოდა პროფესიონალური ჩათის საშუალებით, სახელწოდებით „Sterling Lads“. ჩათ-ოთახში ტრეიდერები ერთმანეთს უზიარებდნენ წინასწარ პროგნოზირებულ ინფორმაციას თავიანთ სავაჭრო აქტივობებთან, ფასებსა და G10 ვალუტებზე მომხმარებელთა შეკვეთებთან დაკავშირებით (რაც წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ლიკვიდურ და გავრცელებულ ვალუტებს). აღნიშნულმა კოორდინირებულმა ქცევამ სახე შეუცვალა თავისუფალი კონკურენციას სავალუტო სპოტ-ვაჭრობის ბაზარზე, ვინაიდან ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა გაეზარდათ საკუთარი მოგება მათი მომხმარებლებისა და უფრო ფართო ევროპული ეკონომიკის ხარჯზე. ევროკომისიამ გამოძიება დაასრულა 2021 წლის დეკემბერში და საერთო ჯამში ბანკებს დააკისრა 344 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები.

- Gucci, Chloé and Loewe კარტელი

ევროკომისიამ დააჯარიმა მოდის კომპანიები Gucci, Chloé და Loewe საცალო გადაყიდვის ფასების ფიქსირებისთვის, რაც არღვევს ევროკავშირის კონკურენციის წესებს. Gucci, Chloé და Loewe არიან მოდის კომპანიები, რომელთა სათაო ოფისები შესაბამისად მდებარეობს იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. ისინი აქტიურად მოქმედებენ მაღალი კლასის მოდის პროდუქციის დიზაინის, წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებით, მათ შორის ტანსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და სხვადასხვა აქსესუარის წარმოებაში. კომისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სამი მოდის კომპანია მონაწილეობდა ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში, რასაც გადაყიდვის ფასების შენარჩუნების („resale price maintenance“ – RPM) კარტელი ეწოდება. ისინი უზღუდავდნენ როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური მაღაზიების დამოუკიდებელ გამყიდველებს თავად განესაზღვრათ საცალო ფასები თითქმის ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც დაპროექტებული იყო და რეალიზდებოდა Gucci-, Chloé- და Loewe- ბრენდების ქვეშ. ამგვარი ანტიკონკურენტული ქცევა იწვევდა ფასების გაზრდას და ამცირებდა არჩევანს მომხმარებლებისთვის. ჯარიმების საერთო ოდენობამ, რომელიც სამივე შემთხვევაში შემცირდა კომისიასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, 157 მილიონ ევროს გადააჭარბა.

- Meta და WhatsApp ქეისი

მიმდინარედ, ევროკომისიას დაწყებული აქვს გამოძიება იმის შესაფასებლად, არღვევს თუ არა Meta-ს ახალი პოლიტიკა ხელოვნური ინტელექტის („AI“) მიმწოდებლების წვდომას WhatsApp-ზე და შეესაბამება თუ არა იგი ევროკავშირის კონკურენციის წესებს. Meta-ს ახალი პოლიტიკა, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კრძალავს AI მიმწოდებლებს გამოიყენონ ის ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს WhatsApp-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საკუთარ მომხმარებლებს („WhatsApp Business Solution“) იმ შემთხვევაში, თუ AI წარმოადგენს ძირითად სერვისს. ბიზნესს კვლავ შეუძლია AI ინსტრუმენტების გამოყენება დამხმარე ან დამატებითი ფუნქციებისთვის, მაგალითად, ავტომატიზებულ მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის WhatsApp-ის საშუალებით. კომისია ფიქრობს, რომ აღნიშნულმა ახალმა პოლიტიკამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მესამე მხარის AI მიმწოდებლებს EEA-ის (ევროპის ეკონომიკური ზონის) ტერიტორიაზე WhatsApp-ის მეშვეობით საკუთარი მომსახურების შეთავაზებაში. კომისიის შეფასებით, Meta გეგმავს ახალი პოლიტიკის განხორციელებას WhatsApp-ის ბიზნეს-მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პირობების განახლების გზით, კერძოდ, „WhatsApp Business Application Programming Interface terms“-ის ცვლილებით. უკვე არსებულ AI მიმწოდებლებს, რომლებიც WhatsApp-ზე ფუნქციონირებენ, განახლებული პირობები დაუწესდებათ 2026 წლის 15 იანვრიდან, ხოლო WhatsApp-ის ახალი AI მიმწოდებლებისთვის ეს წესები უკვე მოქმედებს 2025 წლის 15 ოქტომბრიდან. ახალი პოლიტიკის შედეგად, კონკურენტ AI მიმწოდებლებს შესაძლოა შეეზღუდოთ თავიანთ მომხმარებლებთან WhatsApp-ის მეშვეობით წვდომა.

- საქართველოში არსებული ვითარება:

კონკურენციის სფერო უწყვეტად და განგრძობადად იყო ერთგვარი „აქილევსის ქუსლი“ საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის ნაწილში. ამ სფეროში დინამიკა იყო ნელი ან ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ან მწირი. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი რეფორმებისა, თუმცა დღემდე რჩება გამოწვევები და პრობლემები.

საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკას განახორციელებს „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA). იხ. https://gcca.gov.ge/index.php?m=342 სააგენტო შექმნილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. კონკურენციის სფეროში გამოძიების შედეგები და სააგენტოს გადაწყვეტილებები ღია და საჯაროა. თითოეული მათგანის ნახვა შესაძლებელია სააგენტოს ვებ-გვერდზე. მაგალითად:

- კარტელის აკრძალვის ნაწილში სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამურად მილიონ ექსვსასი ათას ლარზე მეტი ოდენობით სანქცია დაეკისრა, როგორც მომჩივან (შპს „ელ.ბილეთები)“, ასევე მოპასუხე მხარეებს (შპს „თინეთი“ და ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი „სადისტრიბუციო კომპანია“). მოკვლევის ფარგლებში, სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ კანონის მე-7 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ. გარდა ამისა, კულტურული, გასართობი, შემოქმედებითი, სპორტული, დასვენებისა და ტურიზმის, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის ღონისძიებების/პროდუქციის/მომსახურების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით გაიცა სამი რეკომენდაცია შესაბამისი სუბიექტების მიმართ.

- სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 4 კომპანიის მიერკონკურენციის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევა დაადგინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 53 მილიონ ლარამდე. მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროვებული ინფორმაცია წარმოადგენდა.

მიუხედავად კონკურენციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და დადებითი პრაქტიკისა, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი მომხმარებელის სოციალურ-ეკონომიკური უფლებებს სათანადოდ ვერ იცავს.

ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების პაკეტში, ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი:

საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ანტიმონოპოლიური ქმედებებისა და შერწყმის ნაწილში. ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მიიღო 2025-2027 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია, რომელიც ასახავს სააგენტოს მისიას, არსებულ გამოწვევებსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებს. განხორციელების მხრივ, GCCA-მ დაასრულა ორი ანტიმონოპოლიური საქმის გამოძიება ავტომობილების გადაყიდვისა და ფარმაცევტულ სექტორში ზედმეტი ფასების დაწესების შესახებ. ისინი მომდინარეობდა ბენეფიციართა საჩივრებიდან და ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ანტიკონკურენტულ შეთანხმებებს (კარტელებს), სახელმწიფოს მიერ კონკურენციის დამახინჯებასა და არასამართლიან კონკურენციას. GCCA-მ განიხილა 14 შერწყმის (კონცენტრაციის) შეტყობინება. ყველა შერწყმა დამტკიცდა (მიჩნეულ იქნა დასაშვებად), ხოლო ორ შემთხვევაში დასაშვებად სცნო შეზღუდვებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც GCCA-მ შერწყმის დამტკიცება პირობით - შეზღუდვების დაკისრებით - წარმოადგინა. სააგენტო პროაქტიულად მონიტორინგს უწევს დასრულებულ შერწყმებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით. სახელმწიფო დახმარების სფეროში საკანონმდებლო ჩარჩო არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. საპროცესო პერიოდში პროგრესი არ დაფიქსირებულა. ანგარიშგების პერიოდში სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიღებულა; შეგროვდა მხოლოდ ინფორმაცია de minimis სახელმწიფო დახმარების შესახებ.

ევროკომისიამ საბოლოოდ ასე შეაფასა საქართველო: საქართველო იმყოფება საწყის დონესა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის.

გამოყენებული წყაროები:

https://enlargement.ec.europa.eu/georgia-report-2025_en

https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_25_1356

https://competition-policy.ec.europa.eu/antitrust-and-cartels/latest-news_en

https://www.asocireba.ge/files/ILPR_Competition_Agency_Practice_Analysis.pdf

https://gcca.gov.ge/index.php?m=353&cat_id=76

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა