სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს - ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე არ იყო საუბარი და ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია პროტესტის მუხტის ასაწევად.
"საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია საქართველოში ვითომ, პროტესტის მუხტის ასაწევად. რა თქმა უნდა, ეს თავიდანაც არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგ დღეებში მით უმეტეს, როდესაც დადასტურდა, რომ არავის არაფერი მტკიცებულება არ ჰქონდა. ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი არ იყო, მით უფრო, ვერც კი მოძებნეს, რაც არ იყო რას მოძებნიდნენ, ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიმართეს კლინიკებს იმ დღეებში. აქედან გამომდინარე, სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ "გლობალური ომის პარტია", თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს. ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს. ეს სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ ყველაფრის სათავე არის "დიფ სთეითი"," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია".