ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული და მე ვერ ვხედავ ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი სპექტაკლების დადგმის საჭიროებას - თუ [გახარიას გუნდს] რაიმეს გამოკვლევა უნდა, დაიწყონ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ლიდერით: ზოგიერთ ადამიანს რომ თვალი დასთხარეს, რა იყო გამოყენებული? - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ფრაქცია "საქართველოსთვის" ინიციატივას გამოეხმაურა.
მახაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის ამ ინიციატივას მისი მხარდაჭერა არ ექნება.
ამასთან, "ქართული ოცნების" დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა დადგეს პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც „ამ ტიპის სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა“.
„ჩემი მხარდაჭერა ნამდვილად არ ექნება ამ ინიციატივას. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული და მე ვერ ვხედავ ამ თემასთან დაკავშირებით, დამატებითი სპექტაკლების დადგმის საჭიროებას. პრემიერმაც განაცხადა, თუ რაიმეს გამოკვლევა და შესწავლა უნდათ, დაიწყონ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ლიდერის ხელმძღვანელობით, აქ ზოგიერთ ადამიანს რომ თვალი დასთხარეს, რა იყო გამოყენებული. უპირველესად, ეს გამოიძიონ. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრისთვის საზოგადოებაში, ყველაფერს გაეცა პასუხი და ეს თემა, ყოველ შემთხვევაში, ამ ნაწილში, არის ამოწურული. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც პასუხისმგებლობას ეხება - რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. არ შეიძლება სახელმწიფოს ასეთი მასშტაბით ცილი დასწამო, რეპუტაცია შეულახო და შემდეგ ვითომ არაფერი, კვლავ ისე გავაგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობა. რა თქმა უნდა პოლიტიკური იქნება, თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ყველას მიმართ უნდა დადგეს, ვინც ამ ტიპის სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა,“ - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია".