არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩმა გაკვირვება გამოთქვა იმ არაჯანსაღ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც Eagle Hills-ის შემოსვლას და ინვესტიციას მოჰყვა საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩის მოსმენის საკითხზე კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ელჩმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლა შეიძლება ბიძგის მიმცემი იყოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების სხვა კომპანიებისთვის, რომ მათ საქართველოში ფულო დააბანდონ.
„ელჩის თქმით, ეს არის კომპანია, რომელსაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია. ის სანდო კომპანიის სახელით სარგებლობს და არის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დუბაის განაშენიანებაში. შესაბამისად, მან გაკვირვება გამოთქვა იმ არაჯანსაღ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის შემოსვლას და ინვესტიციას მოჰყვა საქართველოში. მან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინვესტიციებს აუცილებლად მოჰყვება სხვა კომპანიების დაინტერესება საქართველოს ბაზრით და შესაბამისად, ეს შეიძლება ბიძგის მიმცემი იყოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების სხვა კომპანიებისთვის, რომ მათ საქართველოში ფულო დააბანდონ,“ - განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.
„აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.