დღეს ევროკავშირს ლიდერი არ ჰყავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა - აბა, საფრანგეთს შეხედეთ, პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც იმის მტკიცებაშია, მისი მეუღლე კაცია თუ ქალი - აბა, შეხედეთ გერმანიის კანცლერს?! მას 12%-მდე აქვს რეიტინგი, პატივს არ სცემენ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის აღნიშნული დოკუმენტი დიდწილად, ევროკავშირის ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, დონალდ ტრამპი თავის ქვეყანაზე ზრუნავს და სწორად იქცევა.
„ამერიკის ახალი დოქტრინა, ფაქტობრივად, დიდწილად, ევროკავშირის ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა. ეს არის დასტური. პლუს, ამას აყოლილი ნატოს გაფართოების გაუგებარი მიდგომები. ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ მზად ვართ ნატო-ს სტანდარტებისთვის. ჩვენი ცხრა ათასი ჯარისკაცი მისიებში მონაწილეობდა, ცხელ წერილებში, სადაც ერთ-ერთი მოწინავე იყვნენ და მაღალი შეფასება ჰქონდათ. წლებია, მარტო დაპირისპირება მიგიღებთ-არმიგიღებთ გვესმის. ამ დოქტრინამ ნატო-ს გაფართოებას წერტილი დაუსვა. ეს ჩვენთვის მაინც და მაინც კარგი ინფორმაცია არ არის, რადგან ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება კონსტიტუციაშიც კი ავსახეთ. რატომ? იმიტომ, რომ საგარეო უსაფრთხოების ნაწილში ქოლგა გვქონოდა. ევროკავშირისა და ნატო-ს ბიუროკრატებისა და მაღალჩინოსნების ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება უკრაინის ტრაგედიაში აისახა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირს ლიდერი არ ჰყავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. აბა, საფრანგეთს შეხედეთ - პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც იმის მტკიცებაშია, მისი მეუღლე კაცია თუ ქალი. საფრანგეთი არის წამყვანი ევროპული დიდი სახელმწიფო, რომელიც გერმანიასთან ერთად ევროპის პოლიტიკას განსაზღვრავდა, მაგრამ დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა მისი რეიტინგი, 10%-მდე არის ჩამოსული. ამ ურეიტინგოს, საკუთარ ქვეყანაშიც და საგარეო ვექტორშიც როგორ ექცევიან, ევროპის უსაფრთხოებისთვის რისი მიღწევა უნდა შეძლოს. აბა, შეხედეთ გერმანიის კანცლერს?! მას 12%-მდე აქვს რეიტინგი, თუ არ ვცდები. მერამდენედ ჩამოიშალა?! კაციშვილი პატივს არ სცემს. რატომ?! იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არ არიან. ყველა ენერგო რესურსი, რაც ევროპის უსაფრთხოებას ხმარდებოდა, ჩაუჭრეს და ამას თავადაც ხელი შეუწყვეს. დღეს სულს ღაფავენ. მაღალი უმუშევრობა, დაბალ ეკონომიკური ზრდა. გერმანია მინუსებშია წასული და არანაირი სტრატეგია არ აქვთ, ხვალ-ზეგ კონკურენტუნარიანი როგორ გახდებიან. ეს მიიღეს ფონ დე ლაიენების და კალასების არაკომპეტენტური პოლიტიკით. ბუნებრივია, ეს დოქტრინაც უკავშირდება ამერიკის უსაფრთხოებასაც. თავის ქვეყანაზე ზრუნავს ის ადამიანი და სწორს აკეთებს. ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი ლიდერები და არა ისე როგორც მაგალითად, ევროპის ცალკეული ლიდერები," - განაცხადა ზარქუამ.