ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში გარევა დანაშაულია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, მან თავისი განცხადებებით ეს დანაშაული აღიარა და ახლა უკვე ცდილობს, რომ თავი დაიძვრინოს, ამაზე მეტყველებს სუს-ის მიერ ჩატარებული ბრიფინგიც და სასწრაფო გამოძიებაც,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, სამ დღეში დასრულებული გამოძიება მიუთითებს იმაზე, რომ „დანაშაულის დაფარვასა და მიჩქმალვას ცდილობენ“.
„ქიმიური ნივთიერების გარევა წყლის ჭავლში დანაშაულია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, მან თავისი განცხადებებით ეს დანაშაული აღიარა და ახლა უკვე ცდილობს, რომ თავი დაიძვრინოს, ამაზე მეტყველებს სუს-ის მიერ ჩატარებული ბრიფინგიც და სასწრაფო გამოძიებაც. შვილმკვდარი დედები წლობით ელოდებიან გამოძიების დასკვნას და სამ დღეში, ნაჩქარევად გვიცხადებენ, რომ საქმე გამოიძიეს. ეს გაუგებარია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის დაფარვასა და მიჩქმალვას ცდილობენ, ასევე ცდილობენ, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები არ გასცენ“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისივე თქმით, ეს არ არის საკითხი, რომელზეც ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ კომენტარი უნდა გააკეთოს.
„ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილის დროს შეძენილ ნივთიერებაზე, რომელიც გომელაურმა გამოიყენა, გიორგი გახარიამ პასუხი არ უნდა გასცეს. უნდა გაირკვეს ვანო მერაბიშვილის ჩართულობა. ამიტომ ვითხოვთ, საერთაშორისო გამოძიებას. საქართველოში საგამოძიებო სტრუქტურები არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, ასევე არ გვყავს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შექმნილი კლანი მართავს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო გააძლიერა.
ჩვენ ნდობის ხარისხი არ გვაქვს ამ ორგანოებთან. ამიტომ აუცილებელია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და ამ გამოძიების გაძლიერება მოხდეს საგამოძიებო კომისიით. თუ ეს კომისია არ შედგება და ვინც უარს განაცხადებს ამ კომისიის შექმნაზე, პერსონალურად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ მიმართულებით დადგება. მოვა დრო, როდესაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო იმსჯელებს და პასუხებს გასცემს ყველაფერს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.