ტატა ხვედელიანი დეპუტატებს - თითოეული თქვენგანი, ვინც საგამოძიებო კომისიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, გადაინაწილებს პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება

თქვენ გინდათ, რომ სიტყვაზე გენდოთ, თუ რა ნივთიერება გაურიეთ წყალში, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები მოწამლეთ? თან მას შემდეგ, როცა თქვენ თვითონვე აღიარებთ დანაშაულს, რომ წყალში ნივთიერება იყო გარეული? ამას თქვენ ვერ გამოიძიებთ! – თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დალეწეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ, არ ინდობდით არც ბავშვებს და არც ქალებს - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, თითოეული დეპუტატი, რომელიც საგამოძიებო კომისიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება.

„დღეს ჩემი სიტყვა განათლების რეფორმაზე უნდა ყოფილიყო, რომელიც „ნაცების“ დროს ციხეების უფროსმა, მიქანაძემ და „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერმა, კობახიძემ წარადგინეს. მაგრამ გუშინ თქვენი გუნდის წევრების კომენტარები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი თურმე აღარ არსებობს BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით, რადგან თურმე თქვენივე თავი ობიექტურად გამოგიძიებიათ და დაგისკვნიათ, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს წყალში „კამიტი“ კი არა, სხვა ნივთიერება გაგირევიათ. თქვენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომ გვერდით გადავდოთ, ჯერ დასანქცირებულმა გომელაურმა, შემდეგ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა, კობახიძემ, შემდეგ კი სუს-მა თავისი ბრიფინგით აღიარეს, რომ წყალში ნივთიერების გარევა მოხდა მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის, რაც უკვე დანაშაულია და როგორც ვხვდები, ეს თქვენმა დეპუტატებმა ინფორმაციის დონეზე არ იციან, არ იციან, რომ წყლის ჭავლში ნებისმიერი სხვა ნივთიერების გარევა დანაშაულია. თქვენივე პირით აღიარებული ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას კი ახლა იმით ცდილობთ, რომ თითქოს ეს ნივთიერება „კამიტი“ არ ყოფილა. არც მე ვამბობ, რომ ეს „კამიტი“ იყო. მაგრამ თქვენც და ჩვენც ვთანხმდებით, რომ ნივთიერების გარევა მოხდა, ანუ დანაშაული უკვე ჩადენილია. აი, რა ნივთიერება იყო და რა დოზებით, ამაზე თქვენს გამოძიებას ვერ ვენდობით, იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დალეწეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ, დაკავებულ ადამიანებს, დაკავების შემდეგ მანქანებში სცემდით, ახალგაზრდებს ჯერ სახლებში ტელეფონებზე ურეკავდით, აგინებდით, აშინებდით და შემდეგ სადარბაზოებთან ხვდებოდით და სცემდით. არ ინდობდით არც ბავშვებს და არც ქალებს. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც არცერთი მსგავსი ფაქტი არ გამოიძია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის ცემისთვის დააჯილდოვა. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შინაგან საქმეთა მინისტრი და მოადგილეები მაგნიცკის სიაში შევიდნენ. თუ თქვენ გგონიათ, რომ დრო გავიდა და ეს ძალადობის კადრები გაქრა ან ხალხს დაავიწყდა? თუ ასე გგონიათ, ძალიან ცდებით, „ნაცების“ მაგალითზე მაინც უნდა იცოდეთ, რომ ასეთები ქართველი ხალხის გონებიდან არ იშლება. და ამ ყველაფრის მერე, თქვენ გინდათ, რომ სიტყვაზე გენდოთ, თუ რა ნივთიერება გაურიეთ წყალში, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები მოწამლეთ? თან მას შემდეგ, როცა თქვენ თვითონვე აღიარებთ დანაშაულს, რომ წყალში ნივთიერება იყო გარეული? ამას თქვენ ვერ გამოიძიებთ. ამიტომ დავაინიციირეთ საგამოძიებო კომისია, რომელიც თქვენს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან საქმე მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკებს ეხება. და უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ამ საგამოძიებო კომისიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, გადაინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც წყლის ჭავლში დამატებითი ნივთიერების გარევას ეხება. და ვინც გეუბნებათ, რომ წყალში „კამიტი“ არ იყო გარეული და ამით გამშვიდებთ, უბრალოდ გატყუებთ. ხოლო თქვენს პრემიერ-მინისტრს ოდნავი პოლიტიკური ალღო რომ უმუშავებდეს, ახლა თავისი ნებით უნდა იყოს გადამდგარი. თუნდაც მისი გადადგომის ტექსტი, ისევ სხვისი წასაკითხი გახდეს“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა