ვიკა ფილფანი - ყველაფერი ყოველთვიურად ძვირდება, მაგრამ ერთადერთი რამე არის იაფი და ჩალის ფასის მქონე: ადამიანი და მისი შრომა -  ნუთუ ასეთი ძნელია, მოქალაქეთა უმრავლესობამ სიღარიბეში არ იცხოვროს?

ამ ქვეყანაში ყველაფერი ყოველთვიურად ძვირდება და აღარასდროს იაფდება, მაგრამ ერთადერთი რამე არის იაფი, ჩალის ფასის მქონე - ეს არის ადამიანი და მისი შრომა. ნუთუ ასეთი ძნელია 3 -მილიონიან ქვეყანაში მოქალაქეთა უმრავლესობამ სიღარიბეში არ იცხოვროს? - ყველა თქვენი ბრძოლა კორუფციასთან იქნება ყალბი, სანამ თბილისის მერიაში არსებული კორუფცია იქნება ხელშეუხებელი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ მმართველობის მე-13 წელს, ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

„მაინტერესებს, რამდენმა თქვენგანმა იცის, რა უჯდება დღეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს თვიდან თვემდე თავის მიტანა და ოჯახის გადარჩენა იმის ფონზე, როცა პურის ფასი ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 22%-ით, ზეთი - 18%-ით, კარტოფილი 28%-ით, რძე 13%- ით, ყველი 10%- ით, კარაქი 11% - ით, ფქვილი 10% - ით, ბოსტნეული 10% - ით, ხორცი 9%-ით, მარილი 8%-ით. საავადმყოფოს მომსახურება 25% -ით. წნევის მარეგულირებელი წამლები - 12% -ით, ტკივილგამაყუჩებლები 11% - ით. საკვების ჯგუფში შედის 92 დასახელების პროდუქტი, აქედან ფასები გაიზარდა 69 დასახელების პროდუქტზე. ხოლო სამედიცინო სექციაში, წამლებსა და მედიკამენტებში შედის 19 დასახელების წამალი, აქედან ფასები ნოემბერში გაზრდილია 19- ვე მედიკამენტზე.

ექიმების ანაზღაურება ოპერაციიდან 1.80 თეთრია, მაშინ როცა კლინიკების მოგება ლამის 100-150% თვეში, საბანკო სექტორის და სააფთიაქო ქსელების მოგება ასევე მილიარდობით ლარია, თანამშრომლებს თვიური ანაზღაურება კი 300 დან 800 ლარამდე. საბავშვო ბაღის თანამშრომლების ანაზღაურება 580-780 ლარამდე. ასეთ გარემოში, როგორ უნდა იცხოვრონ კი არა როგორ უნდა იარსებონ მოქალაქეებმა ამ ქვეყანაში, როგორ უნდა უზრუნველყონ შვილების განვითარება, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი მშობლები, რომლებსაც პენსია 20 ლარით გაეზარდათ, მათი წამლის ფასის ინფლაციურ ზრდასაც რომ ვერ ფარავს.

როგორ უნდა დაგეგმონ მომავალი ახალგაზრდებმა, როგორ უნდა შეინარჩუნონ ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობა ადამიანებმა, რომლებსაც ხარჯები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ეზრდებათ, შესაძლებლობები და პერსპექტივები კი ყოველდღიურად უქრებათ… ამ ქვეყანაში ყველაფერი ყოველთვიურად ძვირდება და აღარასდროს იაფდება. მაგრამ ერთადერთი რამე არის იაფი, ჩალის ფასი მქონე, ეს არის ადამიანი და მისი შრომა.

დღეს არ ვისაუბრებ დემოკრატიაზე, ინსტიტუტების მიტაცებაზე, სამოქალაქო უფლებების წართმევაზე, სამართლის მიღების უფლების წართმევაზე, დღეს ვისაუბრებ მხოლოდ ფიზიკური თვითგადარჩენის უფლების წართმევაზე ადამიანებისთვის, ამ ღარიბი ქვეყნის ღარიბი მოქალაქეებისთვის. მათი ერთადერთი ეკონომიკური აქტივის, საკუთარი შრომის განკარგვა განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მათი გადარჩენის წარმატებას.

ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სხვა აქტივი არ აქვს თქვენგან განსხვავებით. არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, წილებს კომპანიებში, მრავალმილიონიან ბიზნესებს, უძრავ ქონებებს როგორც ბიზნესს, საბანკო დეპოზიტებს. ისინი არ ფლობენ არც საბიუჯეტო ტენდერებით კვების პრივილეგიებს. ამ ხალხის ერთადერთი აქტივი მართლა მათი შრომაა - ზოგის უფრო მაღალკვალიფიციური, ზოგის - ძალიან მძიმე და სარისკო. ზოგის საერთოდ არასტაბილური და დღიურ შემოსავალზე დაფუძნებული. ჩვენ არ ვართ 33 - მილიონიანი ქვეყანა, ჩვენ ვართ 3 - მილიონიანი ქვეყანა. ნუთუ ასეთი ძნელია 3 -მილიონიან ქვეყანაში მოქალაქეთა უმრავლესობამ სიღარიბეში არ იცხოვროს? საქართველოში მინიმალური ხელფასის ზღვარი განისაზღვრა 90-იან წლებში 20 ლარით, დღეს 2025 წელია და ეს ციფრი უცვლელია.

ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტში მინიმალურ ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრა გვაქვს მოთხოვნილი, რაც მინიმალური ციფრია იმისთვის, რომ ღირსეულ ანაზღაურებად ჩაითვალოს მოქალაქისთვის და უბრალოდ გადარჩენა შეძლოს ამ ქვეყანაში. დანაშაულებრივი უმოქმედობით და გულგრილობით ამ დრომდე თქვენ უარს ეუბნებოდით გადარჩენის და კეთილდღეობის შენების ყველაზე საიმედო კუთვნილი ბერკეტის მიცემაზე იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თქვენი მსახურება. ხალხს, რომელსაც საკუთარი შრომის გარდა არაფერი გააჩნია გადასარჩენად. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კარგად უნდა გაიაზროთ რომ მმართველობის მე-13 წელს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. დღეს ქვეყანაში სიღარიბე კვლავ მთავარ გამოწვევად რომ რჩება, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა. უფრო სწორად კი თქვენ მიერ წახალისებული, აღორძინებული კორუფციის, რომლის შესახებაც აქამდე თითქოს არაფერი იცოდით. თუ ამდენი წლის განმავლობაში თქვენი გუნდის მაღალჩინოსნები მილიონებს იპარავდნენ ხალხის ბიუჯეტიდან და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდით, მაშინ ძალიან დიდი პრობლემა გაქვთ სახელმწიფოს მართვაში, უბრალოდ უნდა აღიაროთ, რომ ვერ აკონტროლებთ ქვეყანაში კორუფციას, ხალხს ბოდიში მოუხადოთ და დატოვოთ თანამდებობები. მაგრამ თქვენ ახლა არ გაგიგიათ კორუფციის შესახებ, არათუ არ გაგიგიათ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გაქვთ აწყობილი კორუფციული სქემებით, ტენდერებით მართავთ ქვეყანას, უბრალოდ აღმოჩნდნენ თქვენს რიგებში ადამიანები ვინც მოპარული ფულიდან იმაზე ნაკლები შეიტანა არალეგალურ შავ ყულაბაში, ვიდრე უნდა შეეტანა, სწორედ ამიტომ გახდნენ ახლა კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის სამიზნეები. ერთის მხრივ ეს თითოეული თქვენგანისთვისაც გაფრთხილება იყო, რომ თუ რომელიმე სახლში იმაზე მეტს წაიღებთ, ვიდრე საერთო ყულაბაში, სახლებს დაგიყაჩაღებენ ბოლო თეთრამდე, თან გამომსარჩლებელსაც არ დაგიტოვებენ თქვენიანებში.

მაღალჩინოსნების მიერ წლების განმავლობაში მილიონების ბიუჯეტიდან მითვისება აღიარებულია, თუმცა ამას არ მოჰყოლია მთავარი ქმედება - პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პირებისთვის, ვინც ეს მაღალჩინოსნები ქვეყანას მიუჩინა ბიუჯეტის საჭმელად. ამიტომ არ არსებობს არავითარი ნდობა და ბერკეტი, რომ ამ წუთებშიც თქვენ მიერ ნაქები მაღალჩინოსნები არ იპარავენ ფულს. ყველა თქვენი ბრძოლა კორუფციასთან იქნება ყალბი, სანამ თბილისის მერიაში არსებული კორუფცია იქნება ხელშეუხებელი. ამდენი წლის განმავლობაში რომ ცდებოდით მაღალჩინოსნების არჩევაში, ახლა როგორ უნდა დაგიჯეროთ რომ არ ცდებით? აქ, ამ დარბაზში 30-მდე მილიონერი სხედხართ, ამ კედლებს მიღმა კი მოქალაქეთა ხელფასი 300-ლარზე ნაკლებია, რომლებსაც საკვების შეძენაც კი უჭირთ, ამიტომ ვერ ერქმევა თქვენს აქ ყოფნას ვერც ეროვნული და ვერც წარმატებული. საქართველოს მოქალაქეებს ეროვნულობა არ ესწავლებათ თქვენგან, თქვენი პასუხისმგებლობაა მოქალაქეების სიღარიბიდან ამოყვანა და ამისკენ სავალი გზა ამ ადამიანების ერთადერთი აქტივის, შრომის დაფასებაა“,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა