ახალი, 5-წლიანი ჩარჩო-შეთანხმება ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტია, რომელიც ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური, ეკონომიკური, თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველო წლების განმავლობაში, გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია.
„ჩემთვის პატივია, გიმასპინძლოთ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
საქართველოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერასა და მშვიდობის მშენებლობას.
წელს, როდესაც გაეროს ქარტიის მე-80 წლისთავს აღვნიშნავთ, მსოფლიო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე, თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა“, - განაცხადა პრემიერმა.