4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული სულხან ტუღუშის ადვოკატი - ჩვენს  მტკიცებულებაში ჩანს, რომ ბრალდებული ეხმარება პოლიციელს, რომელიც უგონო მდგომარეობაშია და გამოჰყავს პრეზიდენტის სასახლის ეზოდან - პროკურატურის მტკიცებულებებში ეს კადრი ამოჭრილია

გონებადაკარგული პოლიციელი დაინახა, გადავიდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში და სხვა მომიტინგეებთან ერთად, პოლიციელს ეხმარებოდა, რომ იმ ტერიტორიიდან გაეყვანა,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სულხან ტუღუშს ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ის პირები, რომლებიც სულხან ტუღუშთან ერთად დააკავეს, ერთმანეთს არ იცნობდნენ.

„დაცვის მხარემ მოიპოვა სულხან ტუღუშთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომელიც მისი გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდება. პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, რომ ბრალდებული ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა, იგი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდა. დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებაში ჩანს, რომ ბრალდებული ეხმარება ერთ-ერთ სამართალდამცავს, რომელიც უგონო მდგომარეობაშია და გამოჰყავს, პრეზიდენტის სასახლის ეზოს ტერიტორიიდან. ველოდები განჩინებას, რომ ეს მტკიცებულება დაერთოს საქმეს.

პროკურატურის მტკიცებულებაში მოჭრილი კადრებია, თუ როგორ შედის სულხან ტუღუში სასახლის ეზოში, თუმცა ამოჭრილია ზუსტად ის კადრი, სადაც ის პოლიციელს ეხმარება. ის [პოლიციელი] გონებადაკარგული იყო, უფრო მეტიც, აღნიშნული პოლიციელი, როგორც დაცვის მხარემ მოიპოვა მტკიცებულება იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ იგი როგორც მახსოვს, თურქეთის რესპუბლიკაში იყო გადაყვანილი. რომ არა სულხან ტუღუშის დახმარება და ქმედება, მან გადაიყვანა პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანაში, ალბათ სავალალოდ დასრულდებოდა სიცოცხლის მდგომარეობა",- განაცხადა ალექსანდრე ზუბიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 14 პირის პროცესი გაიმართა.

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა