ირაკლი კობახიძეს აქვს მშობლიურობის, ეროვნულობის განცდა და თქვენ დაცლილები ხართ! კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მშობლიურობის განცდისგან დაცლილები ხართ! მაგიტომ გეძახით უსამშობლოებს,- ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.
როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ქვეყნის პატრიოტია და ნებისმიერ პლატფორმასა და არენაზე ეცდება ქვეყანას რეკლამა გაუკეთოს.
„თქვენ ახსენეთ ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული კვალი თქვენ სტიპენდიატ ბატონ გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც სამწუხაროდ თვალები დათხარეს ახალგაზრდებს და შემდეგ ბინძურად შეაწმინდა ხელი ჩვენს გმირ პოლიციელებს, მე ეს ბრძანება არ გამიციაო. პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედესო... თუ რაიმე კვალზეა საუბარი, პირველ რიგში გახარიასთან უნდა გქონდეთ.
ირაკლი კობახიძეზე როდესაც საუბრობთ, ის ქვეყნის პრემიერია, კარგია რომ თავადაც აღიარებთ ამას. თავისი საქმის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. ირაკლი კობახიძე არის გამორჩეული პატრიოტი და ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი დონის ინტელექტი, რომელსაც ოპოზიციონერები ვერ უარყოფთ. როდესაც საუბრობთ კორუფცია იყო და რით ვართ დაზღვეულები, რომ იგივე არ მოხდესო, კორუფცია ყველა ქვეყანაში ხდება. ატაცებული ფრაზა რომ გაქვთ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ჩვენს ქვეყანას უკეთებს რეკლამას, მის ინტერესში არ შედის კომპანიას რეკლამა გაუკეთოს. პრემიერი, პასუხისმგებლობიანი, ჩვენი ქვეყნის პატრიოტია, ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ არენაზე და ნებისმიერი საშუალებით ეცდება ქვეყანას რეკლამა გაუკეთოს. ეს არის პატრიოტიზმი, მას აქვს მშობლიურობის, ეროვნულობის განცდა და თქვენ დაცლილები ხართ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მშობლიურობის განცდისგან! მაგიტომ გეძახით უსამშობლოებს, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.