ადვოკატი - კადრებში ჩანს, რომ ალექსანდრე ჩილაჩავა პრეზიდენტის სასახლესთან, ქუჩაზე დგას, არც არაფერს ისვრის, არც იგინება - პროკურატურა ვერცერთ მოწმეს ვერ მოიყვანს, რომელიც იტყვის, რომ მან ძალადობრივი ქმედება განახორციელა

კადრებში ჩანს, რომ ალექსანდრე ჩილაჩავა პრეზიდენტის სასახლის წინ, ქუჩაზე დგას - არც არაფერს ისვრის, არც პრეზიდენტის სასახლის ეზოშია გადასული და არც იგინება,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსანდრე ჩილაჩავას ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე პროკურატურა ვერცერთ მოწმეს ვერ მიიყვანს, რომელიც ალექსანდრე ჩილაჩავას მხრიდან რაიმე ძალადობრივი ქმედების განხორციელებას დაადასტურებს.

„პროკურატურა ზოგადად საუბრობს და ზოგადი სახის მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, მათ არ აქვთ პირდაპირი მტკიცებულებები, რითაც შეძლებენ ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალეულობის დადასტურებას. ჩვენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების მეშვეობით ვეცდებით, რომ მისი უდანაშაულობა დავადასტუროთ.

ალექსანდრე ჩილაჩავას წინააღმდეგ არის კადრები, რომელზეც ექსპერტმა თქვა, რომ - „დიახ, ეს ალექსანდრე ჩილაჩავაა“. კადრებში ჩანს, რომ ის პრეზიდენტის სასახლის წინ ქუჩაზე დგას. არც არაფერს ისვრის, არც პრეზიდენტის სასახლის ეზოშია გადასული, არც იგინება. პროკურატურა სასამართლოში ვერცერთ მოწმეს ვერ მოიყვანს, რომელიც იტყვის, რომ ალექსანდრე ჩილაჩავამ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება განახორციელა“,- განაცხადა ჯანო ჭკადუამ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 14 პირის პროცესი გაიმართა.

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა