საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, ასევე შს სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების გამოვლენის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და შს სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი შეიქმნება. აღნიშნული ცენტრი საბაჟო კონტროლს ფინანსთა მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელებს.
ამას პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დაჩქარებული წესით განხილვის საგანია. ერთობლივი ცენტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა.
“საქართველოში ავტოპარკი წელიწადში საშუალოდ 50-70 ათასი სატრანსპორტო საშუალებით იზრდება. ამავდროულად, იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ექსპორტისა და რეექსპორტის სტატისტიკაც. კერძოდ, 2023 წელს განხორციელდა 100 027 ერთეული რეექსპორტი და 16 182 ერთეული ექსპორტი. 2024 წელს რეექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 101 449-ს, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 12 517 ერთეული შეადგინა.
2025 წლის არსებული მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით კვლავ გაზრდილია და 12 825-ს წარმოადგენს, რეექსპორტის მაჩვენებელი კი, 99 136 ერთეულს უტოლდება.
აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების არაერთი შემთხვევა, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესს.
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება საჭიროება, გაძლიერდეს საბაჟო კონტროლი და სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობები აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
ცვლილება ხელს შეუწყობს უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ეფექტიანობის ზრდას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.