ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე - შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალების და ფერების შესახებ რეგულაციების გათვალისწინება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი შეაფასა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სხვა საჯარო, კერძო და სახელოვნებო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები დაინერგება, რომლითაც შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალები და ფერები განისაზღვრება.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომელთაც თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს.

ნინო ენუქიძის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მისი ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესისთვის ნებაყოფლობითი იქნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში მოპოვებულ ან წარმოებულ სამშენებლო თუ სხვა სახის მასალებს უპირატესობა მიენიჭება.

„ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიულად ამა თუ იმ რეგიონში მოიპოვებდნენ სამშენებლო მასალებს და მათი მეშვეობით ხდებოდა დასახლებების ისტორიული იერსახის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ რეგულაციის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ხელოვნებათმცოდნეები, რომელთა რეკომენდაციების შედეგად ეს წესები შემუშავდა", - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროსთან და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად თვეების განმავლობაში ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა არქიტექტორებთან, მწარმოებლებთან, მშენებლებთან, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციის პროექტი ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გათვალისწინების შედეგად მომზადდა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა