აშშ-ს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, იმაზე, რას მოუტანს ეს სტრატეგია ამერიკას, ევროპას, რა გავლენას იქონიებს იგი იმ კონფიგურაციაზე, რაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ ევროპის კონტიგენტზეა ჩამოყალიბებული, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება ეს სტრატეგია აიასახოს სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ცენტრის - „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარს და ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელს გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, გასულ კვირას გამოქვეყნდა აშშ-ს უსაფრთხოების ახალ სტრატეგია, რომელზეც ახლა არ წყდება მსჯელობა როგორც ევროპაში, ისე რუსეთში და რაღა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც.
ამ თემაზე უამრავი მოსაზრება მოვისმინეთ. უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სსრკ-ს შემდეგ იყო ჩამოყალიბებული, პრაქტიკულად თუ არ ჩამოიშალა, მან ახალი ფორმები უნდა შეასრულოს და ასე შემდეგ.
ყველაზე ხშირად ისმის შეფასება ტრამპის გუნდი „სტრატეგიულ ბალანსს“ ეძებს, შემფასებელთა ნაწილი თეთრი სახლის ამ გეგმებს „აბსურდს“ უწოდებს, უმეტესობა კი დარწმუნებულია, რომ მათი რეალიზაციის შემთხვევაში მსოფლიო დიდი რყევები და ცვლილებები მოხდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტარტეგიას? სავარაუდოდ, როგორ შეცვლის „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობას აშშ-ს ახალი ხედვები უსაფრთხოების საკითხებში?
- საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათს თავის თავად ეს დოკუმენტი არ ცვლის როგორც საწყისი ათვლის წერტილი. ის რაც ამ დოკუმენტში წერია წარმოადგენს, აშშ-ს ადმინისტრაციის რეფლექსიას სამყაროში უკვე მიმდინარე პროცესებზე და მოვლენებზე, პირველ რიგში კი, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე რომელიც ბოლო ათწლეულია მწიფდებოდა.
შედეგად აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მკვეთრად რეალისტურ, ინტერესებზე ორიენტირებულ ჩარჩოს უწესებს ამერიკულ პოლიტიკას და აშკარად ასუსტებს „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის“ უნივერსალური დემოკრატიული მისიის იდეას.
მისი ლოგიკა გეოპოლიტიკურ გარიგებებს, საზღვრების დაცვასა და დასავლეთ ნახევარსფეროს პრიორიტეტად გამოცხადებას აყენებს წინ, ვიდრე ღირებულებებზე დაფუძნებულ გლობალურ „აქტივიზმს“.
აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მკვეთრად რეალისტურ, ინტერესებზე ორიენტირებულ ჩარჩოს უწესებს ამერიკულ პოლიტიკას და აშკარად ასუსტებს „ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის“ უნივერსალური დემოკრატიული მისიის იდეას
ის ამბობს, რომ აშშ-ს სურს ცივილიზაციური აღორძინება, რომ ევროპა დარჩეს ევროპული, დაიბრუნოს თავისი ცივილიზაციური თვითდაჯერებულობა და მიატოვოს მარეგულირებელი დახშობის წარუმატებელი ფოკუსი.
ასევე გვეუბნება რომ ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის, აღქმის დასრულების დროა, ხოლო რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა ვაშინგტონის ინტერესია. სტრატეგია ასევე მიმართულია ჩინეთის შეკავებაზე და გლობალური კონფლიქტის არ დაშვებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის, აღქმის დასრულების დროა, ხოლო რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა ვაშინგტონის ინტერესია. სტრატეგია ასევე მიმართულია ჩინეთის შეკავებაზე და გლობალური კონფლიქტის არ დაშვებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში
საერთო ჯამში, ახალი სტრატეგია მოასწავებს ძალის, ძალათა ბალანსის და ამის შედეგად მაღალი ალბათობით, გავლენის ზონების დაბრუნებას საერთაშორისო არენაზე. ვინაიდან, საგარეო ძალისხმევის ამდაგვარი რეგიონალიზაცია და პარტნიორობის რეგიონალური ნიშნით განსაზღვრა დიდ ახელმწიფოებს შორის, ძალაუნებურად ხელს შეუწყობს გარკვეულ არაფორმალურ შეთანხმებას გავლენის სფეროებზე.
ბუნებრივია ასეთი მიდგომები, არა ერთ გეოგრაფიაში მცირე სახელმწიფოებს დიდი გამოწვევებს უქადის, მათ შორის ჩვენც. საერთო ჯამში, გაცხადდა, მათ შორის ამერიკის ომის მდივნის ჰეგსეთის მიერ რეიგანის სახელობის თავდაცვის ფორუმზე გამოსვლისას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებების ერა დასრულდა და აშშ აღარ უნდა ეცადოს ყველგან დემოკრატიის შეტანას და გავრცელებას.
გაცხადდა - საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებების ერა დასრულდა და აშშ აღარ უნდა ეცადოს ყველგან დემოკრატიის შეტანას და გავრცელებას
აქამდე, „ცივი ომის“ შემდგომი ამერიკული სტრატეგიები (განსაკუთრებით 1990‑2000‑იან წლებში) ხაზს უსვამდა ლიბერალური წესრიგის გაფართოებას, დემოკრატიის მხარდაჭერას, საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერებას და მოკავშირეებთან მრავალმხრივ ინსტიტუტებზე დაყრდნობას.
ახალი სტრატეგია ამ მოდელს უარყოფს: აღარ საუბრობს ღირებულებების ექსპორტზე და მეტ ყურადღებას უთმობს გარიგებად, ტრანზაქციულ ურთიერთობებს, ეკონომიკური სარგებლის პირობებში. ის ასრულებს უნიპოლარული სამყაროს მოდელს.
ბაიდენის პერიოდის კონცეფციაც - მთავარი იდეით „ინტეგრირებული შეკავება“ ცდილობდა სამხედრო, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და დიპლომატიური ინსტრუმენტების სინქრონიზაციას ჩინეთისა და რუსეთთან კონკურენციის პირობებში, მოკავშირეებისა და გლობალური კოალიციების გაძლიერებით.
ახალი სტრატეგია არ საუბრობს ფართო კოალიციებზე და უფრო ამახვილებს ყურადღებას იმ ქვეყნებთან შერჩევით თანამშრომლობაზე, რომლებიც კონკრეტულ ამერიკულ ინტერესებს ემთხვევიან სხვადსხვა სფეროებში (მიგრაცია, ენერგეტიკა, ვაჭრობა).
თვითონ ტრამპის გამოჩენა ამერიკის პოლიტიკაში აშშ-ში არსებული სტრუქტურული გამოწვევების და პრობლემების არსებობაზე პასუხი იყო. ეს დოკუმენტი რომ შევაჯამოთ, ამერიკის “ძველი დიდების” დაბრუნების რესპუბლიკური MAGA-ს ფრთის ხედვააცაა
ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციისგან ყურადღება გადადის სტაბილურობაზე, კონტროლირებულ მიგრაციაზე და ეკონომიკურ გარიგებებზე, რამაც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ავტორიტარულ, მაგრამ „პროგნოზირებად“ რეჟიმებთან ვაშინგტონის თანამშრომლობა.
შეიძლება ითქვას, თუ განვაზოგადებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი დიდ წილად ადასტურებს დასავლეთის, როგორც ცივილიზაციის და ამერიკის, როგორც მისი ფლაგმანის გარკვეულ კრიზისულ პერიოდში ყოფნას, დიდი ხანია დასავლეთის ერთობაც აღარ არის ძველებური.
თვითონ ტრამპის გამოჩენა ამერიკის პოლიტიკაში აშშ-ში არსებული სტრუქტურული გამოწვევების და პრობლემების არსებობაზე პასუხი იყო. ეს დოკუმენტი რომ შევაჯამოთ, ამერიკის “ძველი დიდების” დაბრუნების რესპუბლიკური MAGA-ს ფრთის ხედვააცაა.
- ამ სტრატეგიის განხორციელების ჩვენთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
მანამდე, მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ იმის გახსენებით რაც თქვენ საუბრის დაწყებამდე ბრძანეთ - აშშ-ს ახალი სტრატეგიის მისაღებად ვაშინგტონის ადმინისტრაციას თავისი რა არგუმენტები და პრიორიტეტების განსაზღვრის სურვილი ამოძრავებდა.
ვინც შეძლებისდაგვარად აკვირდება აშშ-ს შიდა პოლიტიკაში არსებულ დინამიკას, იმ ტენდენციებს, რაც აშშ-ში დროდა დრო ვლინდება, ამ სახითა და ფორმით აშშ-ს ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის გაჩენა არ გაკვირვებია.
ასეა, რადგან აშშ-ში, ქვეყანაში, რომელიც „ცივი ომისა“ და სსრკ-ს დაშლის შემდეგ მსოფლიოში დემოკრატიისა და მსოფლიოს მთავარი პოლიციელის როლს ასრულებდა, კარგა ხანია საუბრობდნენ იმაზე რომ „ლიბერალური ინტერნაციონალიზმი,“ ისტორიას ჩაბარდა და საჭიროა თანამედროვე მსოფლიოში თანაარსებობის ახალ ფორმებზე ფიქრი.
ჩვენ „კომუნისტური ინტერნაციონალიზმის“ ექსპერიმენტიც გვახსოვს და „ლიბერალური ინტერნაციონალიზმიც“ .
სავარაუდოდ, რა გარემოებებმა განაპირობა ის, რამაც ტრამპის ადმინისტრაციას გადააწყვეტინა ასეთი სახითა და ფორმით განეცხადებინა უსაფრთხოების თავი ასალ სტრატეგიაზე?
- ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ასეთ ფორმატში გამოცხადება, ძირითადად, სამ გარემოებას უკავშირდება: შიდა პოლიტიკური მოთხოვნები („America First“) უსაფრთხოებისადმი საზოგადოებრივი აღქმის ცვლილება (მიგრაცია, ეკონომიკა და კრიმინალი, როგორც მთავარი საფრთხეები) და გლობალური სისტემა, სადაც აშშ ცდილობს რესურსების გადანაწილებას და ვალდებულებების შეზღუდვას.
ეს ყველაფერი ერთად უბიძგებს ადმინისტრაციას უფრო მკვეთრად რეალისტურ, სუვერენიტეტზე და სარგებელზე ორიენტირებულ მიზნებზე კონცენტრირდეს, რომელიც აშკარად ემიჯნება წინა დროების „ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს“.
ბოლო წლების ხანგრძლივმა მიგრაციულმა კრიზისებმა, შიდა პოლარიზაციამ და ეკონომიკურმა შოკებმა (დაწყვეტილი ჯაჭვები, ინფლაცია, დეინდუსტრიალიზაციის შიში) გაზარდა მოთხოვნა ისეთ პოლიტიკაზე რომელიც პირველ რიგში „შიგნიდან იწყებს უსაფრთხოებას იქნება ეს – საზღვრების კონტროლი, ინდუსტრიული პოლიტიკა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. დავიწყებულ და დაჩაგრულ ამერიკაზე ზრუნვა (წარსულში ინდუსტრიული რაიონები) და აშ.
ამის საპასუხოდ, სტრატეგიაში საზღვრის დაცვა და ინდუსტრიული/ტარიფული პოლიტიკა უკვე არა როგორც ეკონომიკური, არამედ პირდაპირ როგორც უსაფრთხოების პრიორიტეტებია წარმოდგენილი.
დოკუმენტი ფოკუსით ჩინეთის გრძელვადიან შეკავებაზე ინარჩუნებს აქცენტს, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს სტრატეგიულ თავშეკავებაზე, განსაკუთრებით უკრაინის საკითხში – როგორც ვთქვით, რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენა და ომის სწრაფი დასრულება აღიწერება, როგორც ძირითადი ინტერესები.
დოკუმენტი ფოკუსით ჩინეთის გრძელვადიან შეკავებაზე ინარჩუნებს აქცენტს, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს სტრატეგიულ თავშეკავებაზე, განსაკუთრებით უკრაინის საკითხში – როგორც ვთქვით, რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენა და ომის სწრაფი დასრულება აღიწერება, როგორც ძირითადი ინტერესები
ეს ასახავს გააზრებას, რომ ერთდროულად გლობალური წესრიგის არქიტექტორობა, ჩინეთთან კონკურენცია და რუსეთთან სრული კონფრონტაცია რესურსების თვალსაზრისით არა მდგრადია, რის გამოც ადმინისტრაცია ცდილობს კონფლიქტების „დახურვას“ და რეგიონული ხელშეკრულებებით რისკების შემცირებას.
ჯამში ეს ყველაფერი “რეალიზმის” დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე. დარწმუნებული ვარ ამ სკოლის ცნობილი წარმომადგენელი ჯონ მირშჰაიმერი სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს.
- ცხადია, რომ აშშ თავის მთავარ გამოწვევად თვლის არა ევროპას, რომლის მოკავშირედ ის ამ სტრატეგიით რჩება, არამედ ჩინეთს, რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთი.
უკვე ცნობილია, რომ უსაფრთხოების სტრატეგიის შემდეგ ვაშინგტონი მალე გამოაქვეყნებს აშშ-ს ახალ სამხედრო სტრატეგიას. მასზე წინასწარი მსჯელობები იმაზე მიუთითებს რომ ახალ რეალობაში აშშ-ს სურს უპასუხოს ახალ გამოწვევებს და განსაზღვროს პრიორიტეტები.
რადგან აქცენტები ჩინეთზე კეთდება, უნდა ითქვას რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირი იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველია, ილუზორულადაც კი გამოიყურება ტრამპის სურვილი ჩინეთს რუსეთი ჩამოაშოროს და რუსეთის რესურსები ჩინეთის გარდა, აშშ-ს, ან ამერიკელი ბიზნესების გახდეს.
მაგრამ, შეუძლებელია იმის დანახვაც, რომ თუ ვაშინგტონი ჩინურ-რუსულ ავტოკრატიებთან დაპირისპირებისთვის ემზადება, ავტოკრატიების მხრიდან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს რესურსებისთვის ბრძოლა, არაა გამორიცხული „ტრამპის გუნდი“ დიდი მარცხისთვისაც კი იყოს განწირული, რადგან „ლიბერალური ინტერნაციონალიზმი“ ისე ჩანს, აღარც აშშ-ში აღარაა პოპულარული და არც მუშაობს ეფექტურად.
ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგია და სამხედრო სტრატეგია რა გავლენას იქონიებს აშშ-ს ურთიერთობებზე ჩინეთთან და რუსეთთან?
- დოკუმენტი ურთიერთობებს ჩინეთთან და რუსეთთან ფორმალურად ნაკლებად არა კონფრონტაციულ, მაგრამ უფრო ტრანზაქციულ ხასიათს ატარებს. დოკუმენტი ჩინეთთან ურთიერთობის მთავარ მიზნად აწესებს „ერთიანად სარგებლიან ეკონომიკურ ურთიერთობას“ და აღარ საუბრობს პეკინზე აგრესიული ენით.
თუმცა ინარჩუნებს მკაცრ კონკურენციას ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის ტარიფების, ინდუსტრიალური სუბსიდიებისა და კონტროლის რეჟიმების გამკაცრებით.
ამავე დროს, აშშ ინარჩუნებს სამხედრო შეკავების ხაზს ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ინდო-წყნარი ოკეანის ფარგლებში. ცდილობს, რომ ეს იყოს უფრო „შეკავება + დიალოგი“, ვიდრე ღირებულებით დატვირთული „ცივი ომის“ სტილის კონფრონტაცია, რაც ჩინეთთან ურთიერთობას აქცევს მაღალი დაძაბულობის, მაგრამ მუდმივი მოლაპარაკებების რეჟიმად, სადაც ეკონომიკური გარიგებები და შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო ბალანსი.
აშშ ინარჩუნებს სამხედრო შეკავების ხაზს ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ინდო-წყნარი ოკეანის ფარგლებში. ცდილობს, რომ ეს იყოს უფრო „შეკავება + დიალოგი“, ვიდრე ღირებულებით დატვირთული „ცივი ომის“ სტილის კონფრონტაცია... სადაც ეკონომიკური გარიგებები და შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო ბალანსი
რაც შეეხება მოსკოვს, ვიმეორებ, რუსეთთან მიმართებით ახალი სტრატეგია უარს ამბობს მოსკოვის როგორც აქამდე იყო, მთავარი სტრატეგიული მეტოქის წარმოჩენაზე და უფრო მეტად უსვამს ხაზს უკრაინის ომის სწრაფ დასრულებასა და „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენას, რაც მრავალი ევროპელი პარტნიორისთვის აღიქმება შეკავებიდან გარიგებაზე გადასვლად.
რუსეთთან მიმართებით ახალი სტრატეგია უარს ამბობს მოსკოვის როგორც აქამდე იყო, მთავარი სტრატეგიული მეტოქის წარმოჩენაზე და უფრო მეტად უსვამს ხაზს უკრაინის ომის სწრაფ დასრულებასა და „სტრატეგიული სტაბილურობის“ აღდგენას, რაც მრავალი ევროპელი პარტნიორისთვის აღიქმება შეკავებიდან გარიგებაზე გადასვლად
ტექსტი თავს არიდებს რუსეთზე „ეგზისტენციალური საფრთხის“ ტონალობით ლაპარაკს, რამაც კრემლის მხრიდან იშვიათად პოზიტიური რეაქციაც კი გამოიწვია და გააჩინა მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინის ირგვლივ და ბირთვულ კონტროლზე შეთანხმებებით, აირიდოს ხანგრძლივი დაძაბულობა.
შედეგად, აშშ–ჩინეთის ურთიერთობაში მოსალოდნელია მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი „ეკონომიკური ბრძოლის“ ეტაპი, რომელიც იქნება სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობის პარალელურად.
ხოლო რუსეთთან ურთიერთობა გადავა ღიად დეკლარირებული მტრობის რეჟიმიდან, კონტროლირებულ კონკურენციასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ დიპლომატიამდე, რაც ამცირებს იდეოლოგიურ დაპირისპირებას, მაგრამ ზრდის რისკს, რომ რეგიონალური შეთანხმებები, განსაკუთრებით ევროპისა და უკრაინის ხარჯზე იქნას მიღწეული დიდ ძალებს შორის პირდაპირი გარიგებების გზით და ამ გარიგებებს შესაძლოა მცირე სახელმწიფოთა ინტერესები შეეწიროს.
რუსეთთან ურთიერთობა გადავა ღიად დეკლარირებული მტრობის რეჟიმიდან, კონტროლირებულ კონკურენციასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ დიპლომატიამდე, რაც ამცირებს იდეოლოგიურ დაპირისპირებას, მაგრამ ზრდის რისკს, რომ რეგიონალური შეთანხმებები, განსაკუთრებით ევროპისა და უკრაინის ხარჯზე იქნას მიღწეული დიდ ძალებს შორის პირდაპირი გარიგებების გზით და ამ გარიგებებს შესაძლოა მცირე სახელმწიფოთა ინტერესები შეეწიროს
საერთო ჯამში, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება.
- მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა და უკრაინის ტერიტორიების 20% მიიტაცა, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კოლექტიური დასავლეთი 21-ე საუკუნეში დაუშვებდა მე-20 საუკუნეში ჰიტლერის მიერ „სუდეტურად წაგლეჯვის“ დონბასისა და ყირიმის პუტინურად წაგლეჯის რუსულ ვერსიას.
ცოტა ხნის წინ იმის წარმოდგენაც რთული იყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, ევროპის გარკვეული პოლიტიკური წრეები, რომლებიც კრემლის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, კიევზე ზეწოლას მოახდნენ რუსეთისაგან თავის დაცვის სანაცვლოდ დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებული იყო ნატოში აშშ-ს წამყვან და დომინატურ პოზიციაზე, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები ემიჯნებიან უკრაინის საკითხში ტრამპის გეგმებს. ეს რომ ასეა გუშინ ლონდონში გამართულმა შეხვედრამაც აჩვენა.
ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი არ აპირებენ ტრამპთან მარტო დატოვონ ზელენსკი და კიევი. რადგან აშშ-თვის ნატოს გაფართოება მიუღებელია, ახლა ყველაზე აქტუალური თემაა იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინამ დონბასი დათმო, რა მექანიზმებით უნდა აშშ-ს და ევროპას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვითარებაში, როცა რუსეთი სულაც არ აპირებს დონბასზე გაჩერებას და მთელ უკრაინაზე კონტროლის სურვილი აქვს, გაუგებარია, რა უნდა შესთავაზონ კიევს უკრაინის უსაფრთხოებისათვის. ამ თვალსაზრისით ყველას ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმი ახსენდება, რომელიც პუტინმა თავზე გადაახია როგორც ვაშინგტონს, ისე ლონდონსა და პარიზს.
დაუშვებს ევროპა უკრაინაში „სუდეტურად წაგლეჯვის“ ახალ პუტინისეული ვერსიის გამეორებას?
რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხი ახლა ყველაზე მეტად აქტუალურია, ამ თვალსაზრსით რა ვარიანტბზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ძალიან რთული შეკითხვაა. ძნელია დღეს ზუსტად განისაზღვროს, თუ რა შეილება იყოს კომპრომისული ვარიანტი. ვითარებაში, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანება უახლოეს პერსპექტივაში, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის პოზიციის და სტრატეგიაში არსებული ჩანაწერის გათვალისწინებით, წარმოუდგენელი ჩანს.
თან, როცა ამავე დროს, ტერიტორიის ნაწილის დათმობის სცენარი განიხილება, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი რთულდება.
ევროპის წამყვანი ქვეყნების უთანხმოება ტრამპის გეგმებთან და მათი სურვილი, არ დატოვონ კიევი მარტო, მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა შეეცდება საკუთარი თავდაცვითი კომპონენტის გაძლიერებას. ანუ, ევროკავშირის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას გაძლიერებული თავდაცვის მექანიზმი უკრაინისთვის.
ევროპის წამყვანი ქვეყნების უთანხმოება ტრამპის გეგმებთან და მათი სურვილი, არ დატოვონ კიევი მარტო, მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა შეეცდება საკუთარი თავდაცვითი კომპონენტის გაძლიერებას. ანუ, ევროკავშირის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას გაძლიერებული თავდაცვის მექანიზმი უკრაინისთვის
შეიძლება განხილულ იყოს მომავალი "ისრაელის მოდელი" – ორმხრივი/მრავალმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები ვარიანტი, რომელიც მოკავშირეებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას.
ასეთ დროს, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს არა ალიანსისგან არამედ გარანტორი სახელმწიფოების ჯგუფისგან მაგ: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და სხვ. და შესაძლოა ვაშინგტონისგანაც. თუმცა, აქ საკმარისად უნდა დაკონკრეტდეს გარანტიები და პირობები, რომ არ მივიღოთ ბუდაპეშტის მემორანდუმის განმეორება.
ევროპისათვის მიზანი ალბათ არის ბალანსის პოვნა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებსა და უკრაინის და მასთან ერთად ევროპის ეგზისტენციალურ უსაფრთხოებას შორის. ამიტომ, ალბათ ყველაზე სავარაუდო ვარიანტი არის ძლიერი ევროპული ინიციატივებით გამყარებული მრავალმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები, რათა შეიქმნას შემაკავებელი ძალა, რომელიც არ არის დამოკიდებული სრულიად ნატოს, როგორც ალიანსის დაცვაზე.
შეიძლება განხილულ იყოს მომავალი "ისრაელის მოდელი" – ორმხრივი/მრავალმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები ვარიანტი, რომელიც მოკავშირეებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას... თუმცა, აქ საკმარისად უნდა დაკონკრეტდეს გარანტიები და პირობები, რომ არ მივიღოთ ბუდაპეშტის მემორანდუმის განმეორება
ამ კონტექსტში, თუ საუბარი იქნება დონბასის გამაგრებულ რაიონის გადაცემაზე, მსგავსი მექანიზმების ამუშავება აუცილებელი კომპონენტია, ვინაიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში, დონბასის გარეშე დნეპრის აღმოსავლეთ ტერიტორიის დაცვა კიევს ძალიან გაუჭირდება. ქვეყანა რეალურად შუაზე გახლეჩის საფრთხის ქვეშ დადგება.
- უკრაინაში ტრამპის სამშვიდობო გეგმებთან დაკავშირებით კრემლი აღფრთოვანებას არ მალავს. რასაც რუსები „ტრამპის სამშვიდობო გეგმას“ უწოდებენ, რეალურად, თუ სრულად არა, უკრაინაში ომის დასრულების რუსული ელემენტები საკმაოზე მეტიც კია.
ამ გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში მოსკოვი იღებს იმას, რასაც პუტინი „უკრაინაში ომის დაწყების წინაპირობების მოხსნას“ უწოდებს. ანუ იმას, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე.
ტრამპის გეგმებით პუტინმა არა ნატოსგან, არამედ აშშ-გან მიიღო იმის პირობა, რომ ნატო არ გაფართოვდება. ანუ, პუტინი იღებს იმას, რასაც ის სსრკ-ს ბოლო პრეზიდენტ გორბაჩოვს საყვედურობდა. იგულისხმება ის რომ მაშინ გორბაჩოვმა დასავლეთისგან წერილობით არ მიიღო ნატოს პირობა რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
როგორ ჩანს, შემთხვევითი არ იყო ილონ მასკის განცხადება იმაზე, რომ ევროკავშირი უნდა დაიშალოს. რუსეთი უკრაინაში ახალი შეჭრილი იყო, როცა მასკს პუტინის მხარდამჭერი ასაკოვანი ბებიები რუსეთში ეპატიჯებოდნენ.
თუ ტრამპის გუნდის გეგმების რეალიზაცია დაიწყო, ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მისმა განხორციელებამ საქმე მიიყვანოს მსოფლიოს „გავლენის სფეროებად დაყოფამდე“.
დიდი ალბათობით აქ იგულისხმება მსოფლიოს გავლენის სფეროებად გაყოფა აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ, თუ დღევანდელი რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, ტექნოლოგიური განვითარების დონეს, ასევე მეზობლებისადმი მკაფიოდ გამოხატულ აგრესიულობას გავითვალისწინებთ, მისი მიზიდულობის ერთ-ერთ ცენტრად წარმოდგენა საკმაოზე მეტადაც კი ძნელია.
რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ ტრამპის გეგმების რეალიზაციამ შესაძლოა მსოფლიო „გავლენის სფეროებად“ დაყოფის რისკები გააჩინოს?
- ამაზე ზემოთ ნაწილობრივ ვისაუბრეთ. მტკიცება, რომ ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაციამ შეიძლება მსოფლიო კვლავ „გავლენის სფეროებად“ დაყოს, საფუძვლიანია, მაგრამ არც ავტომატურად გარდაუვალი.
სტრატეგია როგორც ბევრჯერ ითქვა, ფაქტობრივად აღადგენს მონროს დოქტრინის განახლებულ ვერსიას, სადაც დასავლეთ ნახევარსფერო გამოცხადებულია პრიორიტეტულ ზონად, ხოლო აშშ-ის მთავარი ამოცანაა ამ სივრცეში მიგრაციის, ნარკოტიკების, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ჩინეთის/სხვა გარე ძალების გავლენის შეჩერება, რაც კლასიკური „ჰემისფერული გავლენის სფეროს“ ლოგიკას ემთხვევა.
მტკიცება, რომ ტრამპის უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაციამ შეიძლება მსოფლიო კვლავ „გავლენის სფეროებად“ დაყოს, საფუძვლიანია, მაგრამ არც ავტომატურად გარდაუვალი
იმავე დროს, დოკუმენტში მნიშვნელოვნად დაიკლო რიტორიკამ დიდი ძალების გლობალურ კონკურენტულ ბრძოლაზე და უფრო მეტად ჩნდება მზაობა, რომ სხვა რეგიონებში – ევროპაში, ევრაზიის ნაწილში ან ზოგად „გლობალურ სამხრეთში“ – აშშ შეეგუოს სხვა დიდი მოთამაშეების გავლენის ზრდას, თუ ეს არ ეჯახება მის სასიცოცხლო ინტერესებს, რაც ბევრ ანალიტიკოსს აძლევს არგუმენტს, რომ სტრატეგია ფაქტობრივად აღიარებს მრავალცენტრულ სამყაროს, სადაც დიდ ძალებს საკუთარი „ეზოები“ აქვთ.
სტრატეგია ფაქტობრივად აღიარებს მრავალცენტრულ სამყაროს, სადაც დიდ ძალებს საკუთარი „ეზოები“ აქვთ
ამავე დროს, სტრატეგია პირდაპირ ბუნებრივია არ აფიქსირებს რაიმე ფორმალურ შეთანხმებას გავლენის სფეროების შესახებ და არც ოფიციალურ მზადყოფნას აფიქსირებს, რომ, მაგალითად, რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის გარკვეული რეგიონები „დასათმობად“ ცალსახად გამოცხადდეს, ამიტომ საუბარია უფრო დე-ფაქტო, პრაქტიკულ ზონებზე, ვიდრე იალტის ტიპის იურიდიულ არქიტექტურაზე, რასაც პრინციპში ასე გამალებით ითხოვდა ომამდე მოსკოვი და ახლაც ითხოვს.
რისკს ზრდის ის გარემოება, რომ დოკუმენტში მკვეთრადაა გაძლიერებული პრიორიტეტი რესურსების კონცენტრაციაზე საკუთარ ნახევარსფეროში და მოკავშირეებთან ურთიერთობების ტრანზაქციულ ჩარჩოში გადატანაზე: burden‑sharing‑ის მკაცრი მოთხოვნა ევროპისა და აზიის მიმართ და მზაობა, რომ ვალდებულებები შემცირდეს იქ, სადაც მოკავშირეები „საკმარისად არ აკეთებენ“, ბუნებრივია შეიძლება სხვა დიდ ძალებს – განსაკუთრებით რუსეთს და ჩინეთს – დაეხმაროს საკუთარი რეგიონალური ზონების განმტკიცებაში.
მე ხშირად მითქვამს, რომ სამყარო შედის ფაზაში, სადაც ძირითადად სამი პოლიტიკური ცენტრი იქნება- პეკინი, ვაშინგტონი და ბრიუსელი. მეეჭვება მოსკოვმა შეძლოს მიზიდულობის ცენტრის შექმნა.
ასეთი სამყარო, სადაც დასავლეთ ნახევარსფერო მკაცრად ამერიკულ გავლენაშია, ხოლო ევრაზიის ნაწილებზე უფრო დიდი თავისუფლება აქვს რუსეთს და ჩინეთს, ხოლო ევროპა აღმოჩნდება შუაში – უფრო დამოუკიდებელ, მაგრამ მეტი ზეწოლის ქვეშ მყოფ ავტონომიურ ბლოკად, ბევრ ანალიტიკოსს, ჩემი ჩათვლით, ახსენებს XIX საუკუნის „დიდი ძალების“ სისტემას.
სამყარო შედის ფაზაში, სადაც ძირითადად სამი პოლიტიკური ცენტრი იქნება- პეკინი, ვაშინგტონი და ბრიუსელი, მეეჭვება მოსკოვმა შეძლოს მიზიდულობის ცენტრის შექმნა
თუმცა, შესაბამისი რისკების რეალიზაცია მაინც დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ვაშინგტონის ნებაზე, არამედ მოკავშირეებისა და რეგიონული მოთამაშეების რეაქციებზეც: ევროკავშირმა, ინდოეთმა, იაპონიამ და სხვა ცენტრმა შეიძლება თვითონ შექმნან იმდენად ძლიერი უსაფრთხოების და ეკონომიკური მიკრო და მაკრო არქიტექტურები, რომ „სუფთა“ „ძველმოდური“ გავლენის სფეროების შექმნა გაართულონ, ან ნაწილობრივ გააბათილონ.
შესაბამისად, მტკიცებას იმის შესახებ, რომ ტრამპის სტრატეგია გავლენის სფეროების რისკს ზრდის, სერიოზული ანალიტიკური საფუძველი აქვს, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ უპასუხებენ ამ ახალ ხაზს სხვა დიდი ძალები და რა ზომას მიიღებენ თავად სახელმწიფოები საკუთარი ავტონომიის გასაძლიერებლად.
მტკიცებას იმის შესახებ, რომ ტრამპის სტრატეგია გავლენის სფეროების რისკს ზრდის, სერიოზული ანალიტიკური საფუძველი აქვს, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ უპასუხებენ ამ ახალ ხაზს სხვა დიდი ძალები და რა ზომას მიიღებენ თავად სახელმწიფოები საკუთარი ავტონომიის გასაძლიერებლად
- როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით სამხრეთ კავკასიას. რეგიონს, სადაც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გააქტიურებულია აშშ.
ზანგეზურის კორიდორს „ტრამპის გზა“ ეწოდა, რომლის მშენებლობაში დაგეგმილია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. თუ დავუშვებთ რომ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მკაფიოდ არ აქვს პოლიტიკა განსაზღრული, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ანკარასა და ბაქოში მიიღება.
თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ თეთრ სახლში ტრამპის მიერ ცენტრალური აზიის პირველი პირების მიღების შემდეგ ეს ქვეყნები აგრძელებენ პუტინთან ტრადიციულ ფლირტსა და თანამშრომლობას უკვე ამავე ქვეყნების ელიტების ინტერესების გარკვეულ წილად გათვალისწინებით, საქართველოს მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება.
იგულისხმება ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვს არც საქართველოს მთავრობასთან, არც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილთან. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯერაც უიმედოდ ელოდება ზარს თეთრი სახლიდამ.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი შეიძლება ჩამოყალიბდეს, ახალი გარემოებები რა რისკების წინაშე აყენებს საქართველოს?
- საქართველოსთვის მთავარი რისკი ის არის, რომ თუ გლობალური წესრიგი მართლაც უფრო მკაფიო „გავლენის სფეროების“ სისტემად ჩამოყალიბდა, ქვეყანა აღმოჩნდება დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ „ნაპრალზე“, მაშინ, როცა თბილისის ამჟამინდელი მმართველი ელიტა უკვე ატარებს მეტწილად პრორუსულ პრაქტიკაზე მორგებულ პოლიტიკას, რომელიც ასუსტებს დასავლურ საყრდენს და შემოჰყავს აზიური ფაქტორი მეტი დოზით.
ტრამპის სტრატეგიის პირობებში, საქართველოსთვის მკვეთრად მცირდება შანსები, რომ ვაშინგტონი მცირე დემოკრატიისთვის დიდ რესურსს დახარჯავს, თუ თავად საქართველო დემოკრატიულად და სტრატეგიულად მკაფიოდ პრო-დასავლურ კურსს აღარ იცავს. ეს შესაძლოა აისახოს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შედეგებზეც.
საქართველოსთვის მთავარი რისკი ის არის, რომ თუ გლობალური წესრიგი მართლაც უფრო მკაფიო „გავლენის სფეროების“ სისტემად ჩამოყალიბდა, ქვეყანა აღმოჩნდება დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ „ნაპრალზე“, მაშინ, როცა თბილისის ამჟამინდელი მმართველი ელიტა უკვე ატარებს მეტწილად პრორუსულ პრაქტიკაზე მორგებულ პოლიტიკას, რომელიც ასუსტებს დასავლურ საყრდენს და შემოჰყავს აზიური ფაქტორი მეტი დოზით
ამ ფონზე, საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში, რამდენიმე კრიტიკული რისკი იკვეთება. პირველ რიგში, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა და დასავლეთთან სისტემური კონფლიქტები ამცირებს ქვეყნისთვის სტრატეგიულ ღირებულებას როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის თვალში და აადვილებს მის აღქმას, როგორც „ცვალებადია, მაგრამ საბოლოოდ რუსეთის გავლენის სივრცის ნაწილია“. ანუ ქვეყანა ვიქნებით, რომელსაც კონსტიტუცია ფაქტობრივად ტყუილად აქვს.
ფაქტორად ემატება ისიც, რომ საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო წერტილად არის ქცეული „შუა დერეფნის“, შავი ზღვის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებისთვის, რაც დასავლეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის, მაგრამ ამავდროულად ზრდის კონკურენციას რეგიონის სხვა დიდ ძალებს შორის – თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი საკუთარ ჩართულობას შეიზღუდავენ, უფრო მეტად თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და ირანი ეცდებიან ამ ინფრასტრუქტურაზე გავლენის მოპოვებას.
ასეთ გარემოში, ავტორიტარიზმისკენ მობრუნებული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთთან კონფლიქტს იყენებს შიდა კონსოლიდაციისთვის და პარალელურად ინსტიტუციებს ასუსტებს, ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის შერჩევითი სანქციების, საინვესტიციო წნეხისა და ჰიბრიდული ოპერაციების მიმართ.
ავტორიტარიზმისკენ მობრუნებული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთთან კონფლიქტს იყენებს შიდა კონსოლიდაციისთვის და პარალელურად ინსტიტუციებს ასუსტებს, ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის შერჩევითი სანქციების, საინვესტიციო წნეხისა და ჰიბრიდული ოპერაციების მიმართ
დეზინფორმაცია, ელიტალური კორუფცია, სამეზობლოში არასტაბილურობის ექსპორტი, ეკონომიკის რუხი ზონები, უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინფრასტრუქტურის გაშლა და აშ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე მძიმე რისკი არის „გაყინული ავტონომიურობის“ სცენარი: ფორმალურად დასავლეთთან კავშირის სურვილის დეკლარირება, მაგრამ რეალურად – მოსკოვთან ან და სხვა არასასურველ ავტორიტარულ აქტორებთან მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, როცა აშშ და ევროკავშირი მხოლოდ მინიმალურად რეაგირებენ, რადგან მათთვის პრიორიტეტი სხვა რეგიონებია.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე მძიმე რისკი არის „გაყინული ავტონომიურობის“ სცენარი: ფორმალურად დასავლეთთან კავშირის სურვილის დეკლარირება, მაგრამ რეალურად – მოსკოვთან ან და სხვა არასასურველ ავტორიტარულ აქტორებთან მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, როცა აშშ და ევროკავშირი მხოლოდ მინიმალურად რეაგირებენ, რადგან მათთვის პრიორიტეტი სხვა რეგიონებია
ეს კი საბოლოოდ ამცირებს სუვერენიტეტის რეალურ ხარისხს და ზრდის შიდა პოლიტიკური კრიზისების, ეკონომიკური დამოკიდებულებებისა და ემიგრაციის მასშტაბებს.
ქვეყანა დროთა განმავლობაში დაიცლება მისი ყველაზე თავისუფალი და შრომისუნარიანი მოსახლეობისგან. დღეს არსებული პოლიტიკური ელიტის და საზოგადოებრივი პოლარიზაციის გათვალისწინებით, სხვა სურათი ძნელად წარმოსადგენია. გამონთავისუფლებულ ადგილს კი, ბუნებაში არავინ ტოვებს ცარიელს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი