გიორგი სიორიძე - „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი - შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

„საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი, მართლაც საპნის ოპერა, რომლის დადგმასაც ცდილობდნენ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ

„საპნის ბუშტივით გასკდა BBC-ის სიყალბე“.

სიორიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ პროპაგანდით, დაშინებით და BBC-ის სრული დისკრედიტაციით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება ყალბია.

„ვხედავთ, როგორ ჩამოიშალა რეალურად ეს მანქანა, რომელიც როგორც წესი, პროპაგანდისტული მიზნით, ეფექტურად მუშაობს ხოლმე. თავდაპირველად ჩვენ ვიხილეთ BBC-ის სრული დისკრედიტაცია, საუბარია იმაზე, რომ ეს არის „აბსურდის თეატრი, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა“, შემდეგ დაემუქრნენ BBC-ის სამართლებრივი დავით. დაიწყეს ღლიცინით, დისკრედიტაციით, პროპაგანდისტული არხები საუბრობდნენ იმაზე, რომ BBC თვითონ არის „ფეიკ ნიუსი“. დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა სიორიძემ.

მისი განმარტებით, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება „გაცილებით სხვა ფორმებში შეიძლება დაატყდეს თავს „ქართულ ოცნებას“, რადგან მასალაში საუბარია ქიმიური მოწამვლის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე“.

გიორგი სიორიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ საქმეს ობიექტურად რა თქმა უნდა, არ გამოიძიებს.

„შეუძლებელია სახელმწიფომ ეს საქმე თავად გამოიძიოს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია სუს-ზე და „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფზე, ნომინალურად რომ ეწოდება სახელმწიფო ინსტიტუტები. მათი მიზანი თავიდანვე იყო არა სიმართლის დადგენა, არამედ დაფარვა. ეს ყველაფერი არის უნიჭო სპექტაკლი, რაც ჩვენ ვიხილეთ. 5 დღეში როგორ უნდა გამოიძიო ამხელა ამბავი, ახლა ცდილობენ დიდი ბრიტანეთისგან მოისმინონ ბოდიში იმ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რაც მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებამ განახორციელა. შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტი არის ბრიტანეთის ხელში, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ხელში.

[რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის ელჩის კრიტიკას მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო], ავიწყდებათ, რომ დიპლომატები წარმოადგენენ თავიან სახელმწიფოს და აჟღერებენ თავიანთი სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციებს, ისევე, როგორც იყო ეს გერმანიის და ევროკავშირის ელჩის შემთხვევაში. ისინი ხშირად გამხდარან თავდასხმის ობიექტები. მათ BBC ბრიტანეთის ინსტრუმენტად წარმოუდგენიათ. ცხადია, ბრიტანული სანქციები, რომელიც ნაწილობრივ უკვე გამოყენებულია და რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მძიმედ დააწვეს „ქართული ოცნების“ ცალკეულ პირებს, „ქართული ოცნების“ რიგებში შეშფოთებას უნდა იწვევდეს“, - განაცხადა სიორიძემ.

გარდა ამისა, მან სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა. გიორგი სიორიძემ ის კანონპროექტი შეაფასა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს. მისი შეფასებით, შეკრება-მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ წყობილებაში გამორჩეული უფლებაა და მისი არაპროპორციული შეზღუდვა არის ის გზა, რომელიც რუსეთმა გაიარა.

„ამავე გზას გადის ახლა საქართველო „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელში. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანაში არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი. „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა სპიკერმა რაც არ უნდა არ შეიმჩნიოს, მათ ძალიან აწუხებთ რუსთაველის პროტესტის უწყვეტობა და სიმბოლურობა.

ხელისუფლება ცდილობს შეკრება-მანიფესტაციის წესები სრულიად აუტანელი გახადოს, მაგრამ ამით ისინი პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ”, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და მოქმედებისკენ მოუწოდა. გიორგი სიორიძის თქმით, ოპოზიციის ერთობა ხელისუფლებას არ სურს.

„ის გზა და გეგმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სხვა ოპოზიციონერებმა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილმა აირჩია, არ ყოფილა ჩვენი გზა, მათ განსხვავებული გზა ჰქონდათ არჩეული და განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის სულ სხვა მეთოდი და გზა გვქონდა, რომელსაც მივდევდით და ახლაც მივდევთ. ვინც ცდილობს, რომ ოპოზიციას შეუტიოს, როგორც ერთიანს, ეს არის „ქართული ოცნება“. პარტიის აკრძალვა არის საკონსტიტუციო სასამართლოში მოთხოვნილი. პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერებიც, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სრულიად აბსურდული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ეს არის ის პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური წნეხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს და ჩვენ ყველანაირი ბრძოლით, იქნება ეს ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო დონეზე ჩვენი აქტივობა თუ სასამართლოში, ეს არის ბრძოლის ის არსენალი, რომელიც პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა სიორიძემ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა