Politico-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის პოზიციას შეესაბამება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინტერვიუში „კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს შეეხო“.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით გავეცანით Politico-სთან ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ და უკრაინის მოგვარების პროცესს ეხებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ და მნიშვნელოვანი განცხადებებია. რა თქმა უნდა, [ტრამპის განცხადებები] ნატო-ში გაწევრიანების, ტერიტორიებისა და იმის შესახებ, თუ როგორ კარგავს უკრაინა მიწებს, ჩვენს გაგებას შეესაბამება“, - განაცხადა პესკოვმა.
ასევე, მისი თქმით, არჩევნების ჩატარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება „საკმაოდ ახალია“.
„ეს ის არის, რის შესახებაც პრეზიდენტ პუტინი დიდი ხანია საუბრობს და ის არის, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს. ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, „ყოველთვის არსებობდა იმის გაგება, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდებოდა ნატო-ში“.
„პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო გაგება, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევიდოდა. სრული სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო. ახლა კი ისინი დაჟინებით მოითხოვენ. იცით, როდესაც ზელენსკი პირველად პუტინს შეხვდა, მან თქვა, რომ ორი რამ სურდა. „მინდა ყირიმის დაბრუნება და ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება“. მან ეს არც ისე ლამაზად თქვა“, - განაცხადა ტრამპმა.