პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობისას - ევროკავშირის 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო განიხილება ქვეყნად, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე.

უწყების ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში პაატა სალიამ კოლეგებს მიგრაციის მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.

როგორც სალიამ სტრასბურგში ვიზიტისას განაცხადა, „ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს“.

,,ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2025 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო განიხილება ქვეყნად, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა, ადგილი არ აქვს არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილება“, - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც მიგრაციის პოლიტიკის მართვის საკითხებზე ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ მკვეთრად იკლო.

,,აღსანიშნავია, რომ ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2022 წელს 28 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 65%-ით არის უკვე შემცირებული“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის მთავარი საკითხი ადამიანის უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხების ურთიერთმიმართებაა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა