საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, მეტი ჩაღრმავებაც კი არ სჭირდება - როდესაც გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, არ შეიძლება შექმნა 10, მითუმეტეს, 64 გუნდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია საერთაშორისო კონკურენცია და არა შიდა კონკურენცია, რომ ქვეყანაში, ქართველმა სტუდენტმა მაღალი დონის განათლების მიღება შეძლოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, განათლების რეფორმა იმ ადამიანებს არ მოსწონთ, ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
„სრული არჩევანი აქვს აბიტურიენტს - თუ უნდა ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, თუ უნდა საჯაროში. ჩვენი ამოცანა არის დიპლომის ხარისხის გათანაბრება. დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ჩვენნაირ ქვეყანაში, 4 მილიონიან ქვეყანაში და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 64 უნივერსიტეტი რომ მოქმედებს, ამით ყველაფერი ნათქვამია. მეტი ჩაღრმავებაც კი არ სჭირდება ამას.
ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია ხომ არ არის. ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა ნახეთ რა არის. ჩვენ, როდესაც გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან მაქსიმუმ 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებთ რას?! გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გვაქვს 64 გუნდი შექმნილი. ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო კონკურენცია და არა შიდა კონკურენცია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. გეტყვით დღეს რა ვითარებაა მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი. თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ ჩვენ სტუდენტებს. საშუალოზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ის იურიდიული განათლება, რომელსაც იღებენ. 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5, მითუმეტეს, 64 გუნდი. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა?! ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგი არის, რომ ქართველი სტუდენტი სატანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში და ეს უნდა შევცვალოთ. თუ გინდათ შევცვალოთ და დავტოვოთ ის, რაც არის,“ - განაცხადა კობახიძემ.