ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე - არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება - ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ

ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს სრული სიყალბეა - აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვას, გაატარებენ თუ არა ტვირთებს, კობახიძემ უპასუხა: „ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ“. მისი თქმით, ძალაშია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არა აქვს.

„თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია.

ზოგადი შეთანხმება არსებობს, მაგრამ ამ კუთხით არავითარი აქტიურობა არ ყოფილა. ეს არის ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს და თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენგან შეიტყობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო