უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის პორტში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ უცხოური სატვირთო გემი დააკავა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემი დროებით ოკუპირებული ყირიმიდან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უკანონოდ გადაზიდვას ახორციელებდა.
გამომძიებლების განცხადებით, გემის მფლობელი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერაა დასანქცირებული და შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად ის რეგულარულად ცვლიდა გემის სახელწოდებას და ოფიციალურ ბენეფიციარებს მესამე ქვეყნებში.
გემი ოდესაში აფრიკული ქვეყნის დროშის ქვეშ ჩავიდა და ფოლადის მილებით უნდა დატვირთულიყო. უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ სრულმასშტაბიან შეჭრამდე გემი სევასტოპოლის პორტში სულ მცირე შვიდჯერ შევიდა, მათ შორის 2021 წლის იანვარში, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკაში თითქმის 7000 ტონა მარცვლეული გადაიტანა.
დაკავების დროს გემზე იმყოფებოდნენ კაპიტანი და ეკიპაჟის 16 წევრი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაფინანსების, ღალატის, ტრანსპორტის რეგულაციების დარღვევისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიაზე უკანონო შესვლა/გასვლის მუხლებით აღძრეს. გემი დაკავებულია აქტივების აღდგენისა და მართვის სააგენტოსთვის (ARMA) გადაცემის პერსპექტივით.