ირაკლი კობახიძე - ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს

ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე უსწრებს ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს.

„რეალურად, ყველა ხედავს, რა ვითარებაა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ხშირად ვთხოვთ ხოლმე, მათ შორის, ევროპელ კოლეგებს, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, თუ რაიმე შენიშვნა აქვთ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, წლების განმავლობაში ვითხოვდით, წარმოედგინათ, სასამართლოს თუნდაც ერთი საქმე, სადაც ისინი ხედავდნენ უსამართლო გადაწყვეტილებას. ვერცერთ ასეთ საქმეზე ვერ გვესაუბრებოდნენ, უფრო მეტიც, იყო არაერთი საქმე, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმე, მათ შორის, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ვითარებაა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ ფონზე, ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ინიცირებული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, ყველა ეს კამპანია ჩავარდა სწორედ იმის გამო, რომ სინამდვილე არის სხვა. სინამდვილე არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მან 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში „ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული.

მისი შეფასებით, შემუშავდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ არის ასახული სოციალური პრიორიტეტები.

„ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, ეს არის მათ შორის ჯანდაცვის თემები, სოციალური საკითხები და ა.შ. მესამედზე მეტი განკუთვნილია სოციალური პრიორიტეტების დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც. 8 მილიარდზე მეტია კაპიტალური დანახარჯები, რაც მთლიანობაში გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამასთანავე ეკონომიკის სტიმულირებას. აქ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული რეფორმების, მათ შორის განათლების რეფორმის განხორციელებასთან და ა.შ. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა