საქართველოს მთავრობა, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე „სამთავრობო ქალაქის“ აშენებას გეგმავს.
ამ მიზნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) მდებარე ტერიტორიაზე „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების კონკურსის საშუალებით შესყიდვას გეგმავს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა არის 23 დეკემბერი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ფართობი ტერიტორიისა, სადაც სამთავრობო ქალაქის აშენება იგეგმება, დაახლოებით 77 ჰაა.
ამასთან, ირკვევა, რომ ძირითადი ზონები, რომელიც არ გამორიცხავს დამატებითის განსაზღვრის შესაძლებლობას) მოიცავს: უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების (პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია) განთავსების ზონას; სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური და დარგობრივი საქვეუწყებო ორგანოების საოფისე სივრცეების განთავსების ზონას; ღონისძიებების მოწყობის ღია და დახურულ ზონებს; მიწისქვეშა და მიწისზედა სატრანსპორტო და საპარკინგე ზონებს; სარეკრეაციო და გამწვანების ზონებს; ტექნიკური აღჭურვილობისა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსების დამხმარე ზონებს; სხვა ფუნქციურ ზონებს საჭიროების/მოთხოვნის შესაბამისად;
პარლამენტის შენობის ფართი, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა იყოს არანაკლებ 31 350 კვ.მ; მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ფართი არანაკლებ 7000 კვ.მ; ღონისძიებების დარბაზის ფართი არანაკლებ 10 000 კვ.მ; საგარეო საქმეთა სამინისტროს ფართი არანაკლებ 7500 კვ.მ. ამასთან, დოკუმენტის ავტორების თქმით, უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის აღნიშნული შენობა - ნაგებობების გარშემო გათვალისწინებული უნდა იყოს ღობე.
რაც შეეხება სხვა ადმინისტრაციულ შენობებს: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფართი არანაკლებ 20 700 კვ.მ უნდა იყოს; რეგიონული განვითარების სამინისტროს ფართი არანაკლებ 3 200 კვ.მ; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფართი არანაკლებ 51 900 კვ.მ; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფართი არანაკლებ 23 800 კვ.მ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფართი არანაკლებ 47 400 კვ.მ; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფართი არანაკლებ 7 600 კვ.მ; კულტურის სამინისტროს ფართი არანაკლებ 3 600 კვ.მ; თბილისის მერიის ფართი არანაკლებ 59 900 კვ.მ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფართი არანაკლებ 7 000 კვ.მ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ფართი არანაკლებ 1800 კვ.მ;
„პროექტის მთავარი მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში. არსებული ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს ისე, რომ იგი იქცეს ქალაქის განუყოფელ ნაწილად და ხელი შეუწყოს საჯარო და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და ოპტიმიზაციას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ორგანიზებასა და შეუფერხებლად ჩატარებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, დაგეგმილია „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადება, რომლის საფუძველზეც სამომავლოდ დამუშავდება დეტალური პროექტი”,- აღნიშნულია დოკუმენტში.