ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებზე - ეს ხალხი რა შუაშია? დანარჩენებმა რა დააშავეს? 2004 წელს, პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა, ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა და თქმა, რომ ის დაიღუპა და მე გადავრჩი - ახლაც იგივე შეგრძნება მიჩნდება

ერთი ჯარისკაცი ვარ. ამ დარბაზში და სხვაგანაც გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში იმდენი ხანი აქვს გატარებული, რამდენიც მე. მე მართლა მოძალადე ვარ. ამათგან [სხვა ბრალდებულებისგან] განსხვავებით, მთელი ცხოვრება ძალადობას ვსწავლობდი. დამიბომბია ქალაქები, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარეთ. თუ ვინმე დამიბარებს და მკითხავს - „2004 წელს ცხინვალი რატომ დამბომბე?“, მე ვიტყვი: დავბომბე და თუ შემეძლება, კიდევ დავბომბავ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა პოლკოვნიკმა, ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს, როგორც ლაშა ბერიძემ აღნიშნა, მას „იმაზე მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა არ მიუღია, როგორიც იყო 4 ოქტომბრის აქცია“.

„მადლობა, რომ სიტყვას მაძლევთ. რა გითხრათ? მე ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარ. ამიტომ, ასე ვიტყვი როგორც ჯარისკაცი: მე ვარ ჯარისკაცი, რომელსაც ქვეყანა უყვარს. ალბათ, აქაც, ამ დარბაზში და სხვაგანაც გაგიჭირდებათ ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში იმდენი ხანი აქვს გატარებული, რამდენიც მე. მე მართლა მოძალადე ვარ. ამათგან განსხვავებით, მთელი ცხოვრება ძალადობას ვსწავლობდი. დამიბომბია ქალაქები, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის გარეთ. თუ ვინმე დამიბარებს და მკითხავს - „2004 წელს ცხინვალი რატომ დამბომბე?“, მე ვიტყვი: დავბომბე და თუ შემეძლება, კიდევ დავბომბავ...

იმაზე მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა არ მიმიღია, როგორიც იყო 4 ოქტომბრის აქცია. თუ რამეს ვაკეთებდი, როდესაც „მოძალადე“ ვიყავი და მშვიდობიან აქციაში ვმონაწილეობდი, ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წასულიყო. იმედია, კიდევ შემეძლება ამაში წვლილი შევიტანო.

რაც შეეხება ძალადობას. გასაგებია, პოლიტიკური მიზნების გამო პროკურატურა და ხელისუფლება ჩვენ ამას რატომ გვედავება. ეს გასაგებია, მაგრამ ეს ხალხი ამასთან რა შუაშია? შემიძლია ვთქვა და დავაზუსტო, რომ 3 კაცი ცხოვრებაში პირველად ვნახე დარბაზში. შეიძლება მათ ვუნახივარ, მაგრამ მე - არა. გასაგებია, რომ პროპაგანდა მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. მე სრულად მშვიდად ვხვდები და იმას არ ვამბობ, რომ მათ გვერდით არ უნდა ვიყო. თუ სადმე უნდა ვიდგე, გაცილებით საამაყოა ამ ხალხთან ყოფნა, ვიდრე ფორმა მეცვას. ეს ხალხი არაფერ შუაშია. გასაგებია, რომ ჩვენთან ერთად მოგყავთ, მაგრამ რას ნიშნავს ეს, რომ ბრალი დამძიმდეს? მე არ მესმის იურიდიული ტერმინები. არ არსებობს მტკიცებულება ან რამე, რომ ამ ხალხთან ერთად დავაორგანიზეთ. პროტესტი გვაქვს ხელისუფლების წინააღმდეგ და გვინდა ქვეყნის მიმართულება ნორმალური გზით წავიდეს. ეს საზოგადოებრივი პროცესია, სად ხედავთ ძალადობას? მე ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი. არ მექნებოდა პრობლემა ჩემ მიმართ რომ იყოს შექმნილი, მაგრამ მძიმეა, როდესაც სხვა ადამიანების მიმართაა შექმნილი ხელოვნურად. პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა 2004 წელს, ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა და თქმა, რომ ის დაიღუპა და მე გადავრჩი. ამგვარი შეგრძნება მიჩნდება. გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებლები ვართ, მაგრამ დანარჩენებმა რა დააშავეს?“ - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

ცნობისთვის, ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა