ირაკლი კირცხალია - ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში - ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს

ჩვენ არაფერს ვერჩით და არ ვუწუნებთ პარლამენტის ამ შენობას. ეს დეტალები - როდის, რა პირობებით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პრემიერმა გააკეთა განცხადება, ჯერ ბაზრის კვლევაა გამოცხადებული, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ დედაქალაქში „სამთავრობო ქალაქის“ აშენება იგეგმება.

მისი შეფასებით, ერთი ცენტრალიზებული ქალაქი რომ გაკეთდეს ისე, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან არ წავიდეს თანხები და პირიქით, ისეთი ინვესტიციებით დაფინანსდეს, რომელიც ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სერიოზული სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს არის ეფექტური მმართველობა და გადაწყვეტილებები.

ამავე თემაზე საუბრისას, კირცხალიამ აღნიშნა, რომ სამთავრობო ქალაქი და ყველა ინსტიტუცია რომ იყოს ერთ უბანში მოქცეული, ძალიან სწორი და გამართლებული პრაქტიკაა.

„თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჯერ მსჯელობა მიდის და ამიტომ დაიწყო ბაზრის კვლევა, ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს. ნებისმიერი შენობა, რომელიც ჩანაცვლდება და სხვა ადგილზე გადაინაცვლებს, გამოყენებული იქნება არამხოლოდ ამ თემის ინვესტიციისთვის, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ეკონომიკური სტიმულირებისთვის. სამთავრობო ქალაქი და ყველა ინსტიტუცია რომ იყოს ერთ უბანში მოქცეული, ძალიან სწორი და გამართლებული პრაქტიკაა. ეს გამოცდილია სხვადასხვა ქვეყანაში. იდეა ძალიან კარგია.

როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, ეს პირდაპირ პროპორციულად კონვერტირდება სწორედ იმ იდეაში, რომელსაც ჰქვია ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნა”, - განაცხადა კირცხალიამ.

კითხვაზე, ხომ არ ხდება მოსახლეობისგან იზოლირება, კირცხალიამ უპასუხა: „დიდი გალავანი უნდა გავაკეთოთ, წყალს გავაკეთებთ და ნიანგებს გავუშვებთ, კარგი რა“.

კითხვაზე, მოხდება თუ არა არსებული პარლამენტის შენობის პრივატიზება, კირცხალიამ აღნიშნა, რომ “ნებისმიერ შენობაში, რომელიც ჩანაცვლება, ისეთი პროექტი განხორციელდება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დიდი სტიმულ იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის.”

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე „სამთავრობო ქალაქის“ აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) მდებარე ტერიტორიაზე „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების კონკურსის საშუალებით შესყიდვას გეგმავს.როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა არის 23 დეკემბერი.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა