„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ხვედელიანის თქმით, მიუხედავად რეფორმის მაღალი მნიშვნელობისა, მისი განხილვისთვის მხოლოდ ორი დღე გამოიყო, მაშინ როცა მსგავს პროცესებს მსოფლიოში წლები ეთმობა. დეპუტატი ასახელებს ფინეთის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის მაგალითებს, სადაც, მისი თქმით, რეფორმები ხანგრძლივ კვლევასა და ჩართულობაზე დაყრდნობით ხორციელდება.
მისი შეფასებით, პროექტი არ ეყრდნობა შრომის ბაზრის ან განათლების ხარისხის კვლევებს, ხოლო ხელისუფლების მიზანი „მალულად“ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა.
„დღეს ვსაუბრობთ განათლების რეფორმაზე, მიუხედავად ამ საკითხის აქტუალურობისა ამ თემაზე თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მხოლოდ ორი დღე ეთმობა. დღეს ჩვენ გვიყურებს ათასობით მშობელი, ლექტორი და სტუდენტი, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილი არიან. ჩვენ გვიყურებს 12 5000-მდე სტატუს შეჩერებული სტუდენტი, რომელთა მთავარი გამოწვევა განათლების სრულფასოვანი მიღება არის. ჩვენ ახლა გვიყურებენ განათლების ექსპერტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობით ჩვენს ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
მსოფლიოში დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში განათლების რეფორმები მიმდინარეობს წლების განმავლობაში, იმისთვის რომ გათვალისწინებული იყოს მათში ქვეყნის ახალი თაობის საუკეთესო ინტერესები.
ფინეთში განათლების რეფორმას 20 წელი დასჭირდა, ავსტრალიაში რეფორმამდე 5 წელი მიმდინარეობდა კვლევაზე, რეფორმის მოდელირებაზე და რისკების შეფასებაზე მუშაობა. დიდ ბრიტანეთშიც ხანგრძლივი პროცესი ემყარებოდა კვლევას და მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებას. ყველა ქვეყანაში მაღალია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმირების პროცესში.
ჩვენს ქვეყანაში სადაც უდიდესი გამოწვევებია განათლების ხარისხის მიმართულებით, რასაც თქვენ აღიარებთ კიდეც. რატომ ვაკეთებთ განათლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებულად? და რომ არ ივარგოს თქვენს მიერ შექმნილმა სისტემამ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე?
თქვენმა არცერთმა წინამორბედმა ჯერჯერობით არ აგო პასუხი იმ მავნე გადაწყვეტილებების გამო, რომლებითაც განათლების სისტემა მოიყვანა ამ მდგომარეობამდე.
წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც სამინისტრომ წარადგინა არ ემსახურება არსებულ გამოწვევას - სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. მეტიც მას სრულიად სხვა მიზნები აქვს და არაფერი აქვს საერთო ღირსეული განათლების სისტემის შექმნასთან.
ის ემსახურება სისტემის მეტ პარტიულ დაქვემდებარებას, აკადემიური თავისუფლების კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას, უნივერსიტეტის ავტონომიის გაქრობას, განსხვავებული აზრის დევნას და ხარჯების შემცირებას.
განათლების მიდგომებს ჩვენს ქვეყანაში სამინისტროს ყოველი ახალი ხელმძღვანელობა ცვლის, ყოველი ახალი მინისტრი “ოცნების” პირობებში ახალი ინიციატივით მოდის და ძველი მიდგომების გაუქმებით იწყებს. საბოლოოდ მივიღეთ ის მდგომარეობა რაც გვაქვს, რაც დამღუპველია იმიტომ, რომ თუ ვსაუბრობთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე საჭიროა რეფორმა იყოს სტაბილური, თანმიმდევრული, ხანგრძლივი და მდგრადი. ის არ უნდა იყოს ნაჩქარევი.
კანონპროექტის წარმდგენს მე დავუსვი შეკითხვები სამივე მოსმენების ფარგლებში. რატომ ხდება ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა მხოლოდ ორ დღეში და დაჩქარებულად, რაზეც ვერ მივიღე დასაბუთებული პასუხი, რატომ გვჭირდება ასე მალულად კანონის მიღება, რომელზეც პოზიციონირებით, რომ ის აუმჯობესებს უმაღლესი განათლების სწავლის ხარისხს. თითქოს, ამაში ხომ ყველა დაინტერესებულები ვართ?
კითხვები დავსვი რა კვლევებს ეფუძნება წარმოდგენილი პროექტის შექმნა, შრომის ბაზრის რომელი კვლევებით ჩამოაყალიბეთ არსებულ პროექტში ნახსენები მიდგომები, თუმცა ამ კითხვებზეც მხოლოდ დანაპირები მივიღე, რომ კვლევები იქნება მომავალში.
დიახ, დავეთანხმები ჩემს კოლეგას ეს ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმაა, თუმცა მისი მიზანი არაა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
დეტალურად მინდა შევეხო კანონპროექტში არსებულ მუხლებს, რომლებიც უმძიმესი იქნება უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში.
ამ კანონპროექტით აკრედიტაცია, როგორც სახელმწიფო დაფინანსების მიღების წინაპირობა პრაქტიკულად უქმდება. აღნიშნული კი თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ აკრედიტაციის ფარგლებში ხარისხის შემოწმებას არ გაივლის არც საჯარო უნივერსიტეტების ფარგლებში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, რადგან ისინი დაფინანსდება მიუხედავად აკრედიტაციისა და არც კერძო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, რადგან ისინი საერთოდ არ დაფინანსდება.
შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შემოწმების პროცედურა პრაქტიკულად უქმდება, რაც ცხადია უარყოფითად აისახება საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხზე.
ეს მაშინ როდესაც როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც თქვენ გვეუბნებით არ გააჩნია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები. და ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდეს პროგრამების ხარისხის შეფასების სისტემა, იგი პრაქტიკულად უქმდება და ხარისხის უზრუნველყოფის გზად მიჩნეულია მთავრობის მიერ უსდ-ებისთვის განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის დადგენა.
მთავრობის მიერ უსდ-ებისთვის განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა და ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობის დადგენა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სრულ წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციასთანაც.
"უმაღლესი განათლების შემოთავაზებული რეფორმა თავისი ხელოვნურობით წააგავს სააკაშვილის ,,100 ახალი საავადმყოფოს პროექტს” რომლის შედეგების ყველაზე კარგი ილუსტრაციაა რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში: უზარმზარი მრავალსართულიანი, ერთ დროს მრავალპროფილური, ეხლა კი უფუნქციო გამოშიგნული შენობა, წინ მიშენებულ მომცრო კლინიკა და უწყლოდ დატოვებული ულაზათო შადრევანი ეზოში. კარგად დავფიქრდეთ, ამ რეფორმით ასეთი რამ არ შეგვრჩეს ხელში!“ - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.