თსუ-ში ქართველოლოგიური კვლევების ჟურნალის „გეორგიკას“ გამოცემა განახლდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით ქართველოლოგიური კვლევების ჟურნალის „გეორგიკას“ გამოცემა განახლდება. თსუ-ს ინფორმაციით, განახლებული გამოცემა „გეორგიკა – ქართველოლოგიური კვლევების ჟურნალი“ (Georgica – Journal of Georgian Studies) გამოვა ინგლისურ ენაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართველოლოგიური კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებასა და ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებას. თსუ-ში ჟურნალის ვებგვერდის (https://georgica.journals.humanities.tsu.ge) პრეზენტაცია გაიმართა და სამეცნიერო სტატიების მიღება გამოცხადდა.

„გეორგიკა“ თსუ სამეცნიერო ჟურნალების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში აღდგა.

„ქართველოლოგია, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტშია წარმოდგენილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ქართველოლოგიას პოპულარიზაცია სჭირდება. ჟურნალის მიზანია, ქართველოლოგიური კვლევები მაქსიმალურად გავაცნოთ მსოფლიოს წამყვან ცენტრებში. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის გამოცემა. მსოფლიოში სადაც არ უნდა იყოს ქართველოლოგიური კვლევები, ამ კვლევების ცენტრი მაინც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, - განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

„ინგლისურენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ქართველოლოგიური ჟურნალი „გეორგიკა“ წელიწადში ორჯერ გამოიცემა და მას ბეჭდური ვერსიაც ექნება. ჟურნალი შექმნილია SCOPUS -ისთვის დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. ქართველ მეცნიერებთან ერთად „გეორგიკას“ სარედაქციო კოლეგიაში უცხოელი ქართველოლოგებიც არიან.

ჟურნალი „გეორგიკა“ (Georgica) 1977 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გერმანელი ენათმეცნიერის ჰაინც ფეინრიხის ინიციატივით დაარსდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 1978-2017 წლებში ჟურნალის 38 ნომერი გამოიცა. მასში ქვეყნდებოდა სამეცნიერო სტატიები, რომლებიც ეხებოდა ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ფილოლოგიას, ფილოსოფიას, ისტორიას, არქეოლოგიას, ხელოვნებასა და ეთნოლოგიას. სტატიები გერმანულ ენაზე იყო წარმოდგენილი. განახლებული ჟურნალის ვებგვერდზე შენარჩუნდება გერმანულენოვანი გამოცემების არქივი და ისტორია. საზღვარგარეთ დაბეჭდილ ქართველოლოგიურ გამოცემებს შორის ჟურნალს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოცემა ბოლო წლებში შეწყდა. მიმდინარე წელს თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოსცეს ჟურნალი „გეორგიკა“ განახლებული ფორმატით. ჟურნალი ფოკუსირებული იქნება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში (არქეოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია, კულტურა, ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება) ინტერდისციპლინური კვლევების გამრავალფეროვნებაზე.

დღეისთვის საერთაშორისო დონის ერთადერთი ჟურნალი ქართველოლოგიაში არის „პროგეორგია“, რომელსაც დავით ყოლბაიას ძალისხმევით გამოსცემს ვარშავის უნივერსიტეტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა