პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერასთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა 2025 წლის ბიუჯეტში.
ორივე ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.
2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ია.
როგორც ხუციშვილმა განაცხადა, საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33,5%-მდე შემცირდება.
ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36 მილიარდ 285 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად დაფინანსდება.
საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 მილიარდ 760 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
რაც შეეხება ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება 365 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 325 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 133 მილიონ ლარამდე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 443 მილიონ ლარზე მეტი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კი - 225 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 890 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 მილიარდ 547 მილიონი ლარი.