ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025

“საქართველო ტვირთებს არ გაატარებს” - პრემიერის მთავარი გზავნილები გალში ტერმინალზე, სამთავრობო შენობების გასხვისებაზე და სასამართლო

სამთავრობო ქალაქის პროექტი თბილისს შვებას მისცემს, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება

“ლეგიტიმურობის ომი” - ზელენსკი ახალი არჩევნებისთვის მზადაა, მაგრამ ერთი პირობით - ვინ იქნება უსაფრთხოების გარანტორი?

* * *

“საქართველო ტვირთებს არ გაატარებს” - პრემიერის მთავარი გზავნილები გალში ტერმინალზე, სამთავრობო შენობების გასხვისებაზე და სასამართლოზე

“გვაქვს გეგმა: კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რათა იმავე ფასად შევძლოთ ახლის მშენებლობა”,- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას. კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც განიხილა და აღნიშნა, რომ “ჩვენთან გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა მოქმედებს”. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი ინიციატივა მათ შორის, ეკონომიკის ზრდასაც შეუწყობს ხელს. “ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩვენი საჯარო მომსახურეებისთვის შრომის პირობები, ხშირ შემთხვევაში, არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, ჯერ დაზუსტებული არაა რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “საქართველო ტვირთებს არ გაატარებს” - პრემიერის მთავარი გზავნილები გალში ტერმინალზე, სამთავრობო შენობების გასხვისებაზე და სასამართლოზე.

“ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით როცა მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას”, - განაცხადა კობახიძემ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვისას კი აღნიშნა, რომ “როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს”. “თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას. შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლა შედის კიდევ ერთი ცვლილება “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში”. მთავარი მიზანია, რომ 50, 100 ან თუნდაც 150 კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს”, - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე უსწრებს ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს”, -აღნიშნავს გამოცემა.

“ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ხშირად ვთხოვთ ხოლმე, მათ შორის, ევროპელ კოლეგებს, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, თუ რაიმე შენიშვნა აქვთ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, წლების განმავლობაში ვითხოვდით, წარმოედგინათ, სასამართლოს თუნდაც ერთი საქმე, სადაც ისინი ხედავდნენ უსამართლო გადაწყვეტილებას. ვერცერთ ასეთ საქმეზე ვერ გვესაუბრებოდნენ, უფრო მეტიც, იყო არაერთი საქმე, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმე, მათ შორის, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ვითარებაა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ ფონზე, ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ინიცირებული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, ყველა ეს კამპანია ჩავარდა” ,-თქვა კომახიძემ, რომლის აზრით, “სინამდვილე არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია ისიც, რომ კობახიძემ აფხაზეთში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველო ტვირთებს არ გაატარებს. “თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ზოგადი შეთანხმება არსებობს, მაგრამ ამ კუთხით არავითარი აქტიურობა არ ყოფილა. ეს არის ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს და თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენგან შეიტყობთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ”, - დასძენს გამოცემა.

სამთავრობო ქალაქის პროექტი თბილისს შვებას მისცემს, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იგეგმება, სადაც განთავსდება როგორც სამინისტროები, ასევე მერია, მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი. სპეციალისტები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებენ, რადგან სამთავრობო ქალაქის მოწყობით, დედაქალაქი განიტვირთება, თუმცა იმავდროულად რისკებზეც ამახვილებენ ყურადღებას. ურბანისტების განცხადებით, სამთავრობო ქალაქის მოწყობა, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, შესაბამისად, ეჭვობენ, ღირს თუ არა ამ პროექტის განხორციელება? არსენალის მთაზე, მთავრობის საკუთრებაშია 77 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და თბილისის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს ტერიტორია ერთ-ერთი უმსხვილესი ზონაა. ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში, სულ 282.750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის, უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10.000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამთავრობო ქალაქის პროექტი თბილისს შვებას მისცემს, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდება / გიორგი შვანგირაძე: წინასწარ შეფასდეს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს პროექტი და ღირს თუ არა მისი განხორციელება.

“ჩამოთვლილ ობიექტებს შორის, ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია - 59.900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი - 31.350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ არსენალის მთის პროექტის განხორციელებას და დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას 2007 წელს კახა კალაძეც გეგმავდა. ზუსტად იმ პერიოდში, კალაძის მიერ დაფუძნებულმა “კალა კაპიტალის” შვილობილმა კომპანიამ - “არსენალ დეველოპმენტი”, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, არსენალის მთაზე არსებული 77 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენის აუქციონში გაიმარჯვა. ამ აუქციონზე, მიწა 38 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, საიდანაც 19 მლნ დოლარი კომპანიამ დაფარა, თუმცა მეორე ნახევარი - ვეღარ. მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა იყო. საბოლოოდ, მიწა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა. სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა პირველად 2017 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. საბოლოოდ, ეს პროექტი არ განხორციელდა, თანაც იმ პერიოდში, სამთავრობო ქალაქის გაშენება ორთაჭალაში იგეგმებოდა. 2024 წლის 4 აგვისტოს, მთავრობა სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა - სწორედ ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე სამთავრობო ქალაქის პროექტის დეტალებს არ იცნობს, ამიტომ მას ვერ შეაფასებს, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია სრული ანალიზი. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ პროექტის დადებითი, უარყოფითი მხარეები, რისკები და გამოწვევებიც. სამთავრობო ქალაქის პროექტი რომ საკმაოდ ხარჯიანი იქნება, ამ პოზიციას იზიარებს ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი გიორგი შვანგირაძეც. რაც შეეხება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და თუნდაც თვითმმართველი სტრუქტურების ერთად თავმოყრას, იგი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მანამდე პროექტის ხარჯთაღრიცხვა დეტალურად უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ, გვიღირს კი, სამთავრობო ქალაქის მშენებლობა?” - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცუდი იდეა არ არის, თუმცა პროექტის ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს. ერთადერთი დეტალი, რაშიც ეჭვი მეპარება ისაა, რომ მერია და აღმასრულებელი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვადასხვა სტრუქტურებია. ამიტომ, არ მგონია, მათი “მეზობლობა” კარგი იდეა იყოს. პირიქით, პრინციპულად უნდა გავმიჯნოთ, რადგან მერია თვითმმართველობაა, ხოლო პარლამენტი, მთავრობა და სამინისტროები - ცენტრალური მმართველობა. მათი სიახლოვე თუნდაც სტრუქტურულად და ფუნქციურად, არ მგონია, სწორი იყოს, მერია ტერიტორიულადაც კი სხვაგან უნდა იყოს. სამწუხაროდ, არ გვესმის, რას ნიშნავს თვითმმართველობა და ეს არის უბედურება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ვარდოსანიძე.

“ეს იდეა ცუდი ნამდვილად არ არის. ერთი მხრივ, ქალაქი განიტვირთება, რადგან სხვადასხვა დაწესებულებები ცენტრს მოშორდება. თუმცა, არის მეორე მხარეც, რომელიც გულისხმობს, რომ სამინისტროები, მერიის შენობა, ცხადია, ჩვეულებრივ კორპუსებში ვერ განთავსდება. ეს იქნება კარგი, დახვეწილი დიზაინის, უმაღლესი ხარისხით კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მართალია, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოთავისუფლებული სამთავრობო შენობები გაიყიდება, მაგრამ არსებული შენობების ყიდვაც უნდა უღირდეს ინვესტორს. ავიღოთ ქუთაისის პარლამენტის შენობა, რამდენი წლის განმავლობაში იყიდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავის სჭირდება. შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ამ შენობებთან დაკავშირებითაც იგივე მოხდეს. ამხელა თანხის გადახდა არავის აწყობს, კერძო პირმა უნდა შეიძინოს ხომ? მას ბიზნესის წარმოებისთვის ურჩევნია, იაფად შეიძინოს შენობა და არა ძვირად. აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს, რამდენად სასარგებლო იქნება ეს პროექტი და ღირს თუ არა მისი განხორციელება, რადგან არსენალის მთაზე უზარმაზარი ინფრასტრუქტურული სამუშოაებიც უნდა ჩატარდეს, რაც სამთავრობო ქალაქის პროექტის ხარჯს ერთიორად გაზრდის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი შვანგირაძე.

“ლეგიტიმურობის ომი” - ზელენსკი ახალი არჩევნებისთვის მზადაა, მაგრამ ერთი პირობით - ვინ იქნება უსაფრთხოების გარანტორი?

“უკრაინა “მზადაა არჩევნებისთვის”, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში “პოლიტიკოსთან” მიანიშნა, რომ კიევი ომს არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად იყენებს. რუსეთს ეს ინიციატივა მოსწონს, თუმცა ზელენსკის განცხადებამ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური სპექტრის ნაწილში, უკამყოფილება გამოიწვია. ჩაატარებს თუ არა უკრაინა ომის პარალელურად არჩევენებს და რა გამოწვევები ახლავს ამ პროცესს? ზელენსკის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინაში საარჩევნო პროცესი შეჩერებულია, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ტრამპის მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოითხოვს წინადადებების შემუშავებას, რომელმაც შესაძლოა კანონი შეცვალოს. მისივე თქმით, არჩევნები შესაძლოა მომდევნო 60-90 დღეში ჩატარდეს, იმ პირობით, თუ არჩევნების უსაფრთხოების გარანტორები აშშ და სხვა ევროპელი პარტნიორები იქნებიან”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლეგიტიმურობის ომი” - ზელენსკი ახალი არჩევნებისთვის მზადაა, მაგრამ ერთი პირობით - ვინ იქნება უსაფრთხოების გარანტორი?

“მე მჯერა, რომ უკრაინაში არჩევნების საკითხი, პირველ რიგში, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული” - განაცხადა ზელენსკიმ. “მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა”, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ზელენსკიმ 2019 წლის არჩევნებზე ხმების 73%-ზე მეტი დააგროვა. რუსეთი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი არალეგიტიმური ლიდერია და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად ახალი არჩევნების ჩატარებას ასახელებდა - ეს საკითხი ტრამპმაც რამდენჯერმე წამოჭრა. “ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იქამდე მიდის, რომ ეს დემოკრატია აღარ არის”, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა “პოლიტიკოს”. ომის დროს არჩევნებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები აქვს. ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს შესაძლოა ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდეთ ან ამისთვის შვებულება დასჭირდეთ. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის გამო საზღვარგარეთ დაახლოებით 5,7 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. ნებისმიერი კენჭისყრა კი უსაფრთხოების რთულ, დამატებით ზომებს მოითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც BBჩ-ის უკრაინელმა ოპოზიციონერმა განუცხადა, ასეთი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სამართლიანი, თუ ყველა უკრაინელს შეეძლება მონაწილეობა, მათ შორის, საუბარია ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებზეც. “გოლოსის” წარმომადგენელმა ლესია ვასილენკომ განაცხადა, რომ “არჩევნების ჩატარება ომის დროს შეუძლებელია”. “ევროპული სოლიდარობის პარტიის” ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ კი განაცხადა: “მე სრულიად წინააღმდეგი ვარ ამ იდეის, ვერც კი ვხვდები, რატომ თქვა ეს ზელენსკიმ. ეს სრულიად შეუძლებელია. არჩევნები უბრალოდ ფურცელზე რაღაცის მონიშნვა არ არის - ეს დებატებია, ეს კამპანიაა, მთელი პროცესი. შესაძლოა, ზელენსკი ამას ისეთ შესაძლებლობად აღიქვამს, რომ მისთვის ხელსაყრელი კვაზი-არჩევნები ჩაატაროს, მაშინ როცა ის მედიას აკონტროლებს და მისი ოპონენტები, სავარაუდოდ, მზად არ არიან”, - განაცხადა ოპოზიციონერმა. უკრაინის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ კი თქვა, რომ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის “მტკიცე კონსენსუსი” იყო იმის შესახებ, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ჩატარდებოდა”, -განუცხადა ზელენსკის პარტიის - “ხალხის მსახურის” დეპუტატმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოპოზიციაც კი, რომელიც ზელენსკის წინააღმდეგია და მისი გადაყენება სურს, არჩევნების წინააღმდეგია, რადგან ისინი ხვდებიან ომის დროს არჩევნების ჩატარების მცდელობის საფრთხეს”, - თქვა მან. მერეჟკომ დასძინა, რომ იდეა “ზუსტად ის იყო, რაც პუტინს სურდა”. “საარჩევნო კამპანია განხეთქილების მომტანი იქნება. პუტინს სურს ჩვენი განადგურება შიგნიდან, არჩევნების გამოყენებით”. “ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად იყო არჩევნებისთვის, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემდა”, - დაწერა ანალიტიკურ ცენტრ “უკრაინული პრიზმის” საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსმა ჰანა შელესტმა. “თუმცა, მთავარი კითხვა იყო, თუ როგორ შეგვექმნა ის პირობები, რაც ზელენსკიმ განსაზღვრა. ამ კითხვის პასუხია თქვენ ვერ უზრუნველყოფთ საარჩევნო უბნების უსაფრთხოებას”, - განაცხადა ანალიტიკოსმა. აქვე, ბი-ბი-სი წერს, რომ ზელენსკი ტრამპის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის,, რათა სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს”, - დასძენს გამოცემა.

“კრემლი ტრამპის “პოლიტიკოსთან” მიცემული ინტერვიუთი კმაყოფილი დარჩა. “დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის პოზიციას შეესაბამება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინტერვიუში “კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს შეეხო”. “ჩვენ ძალიან ყურადღებით გავეცანით ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ და უკრაინის მოგვარების პროცესს ეხებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ და მნიშვნელოვანი განცხადებებია - რა თქმა უნდა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების, ტერიტორიებისა და იმის შესახებ, თუ როგორ კარგავს უკრაინა მიწებს, ეს ჩვენს გაგებას შეესაბამება", - განაცხადა პესკოვმა. ასევე, მისი თქმით, არჩევნების ჩატარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ”საკმაოდ ახალია”. “ეს ის არის, რის შესახებაც პრეზიდენტ პუტინი დიდი ხანია საუბრობს და ის არის, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა