გოტა ჭანტურია - წინააღმდეგობის მოძრაობა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ წესებს ვერ მოერგება, ფაქტობრივად სახლიდან გამოსვლას გვიკრძალავენ და ამას არ უნდა დავემორჩილოთ! პროტესტი რომ გაჩერდეს, კიდევ უფრო უარესი იქნება

ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს და შემოთავაზებულ წესებს ვერანაირად ვერ მოვერგებით, რადგან შემდგომ ისეთი რამ იქნება, რასაც ფიზიკურად ვეღარ გააკეთებ - ფაქტობრივად, სახლიდან გამოსვლას გვიკრძალავენ და ცხადია, ამას არ უნდა დავემორჩილოთ! დიქტატურა ნაბიჯ-ნაბიჯ მყარდება, თუმცა ამ შემთხვევაში ტემპები ძალიან სწრაფია! - ასე ეხმაურება შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ ბოლო ცვლილებას მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი, განათლების სპეციალისტი გოტა ჭანტურია.

როგორც ჭანტურიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, შეუძლებელია ქვეყანაში პროტესტი არ არსებობდეს და საზოგადოებამ ის არ გამოხატოს.

მისივე თქმით, პროტესტი რომც გაჩერდეს, შემზღუდავი კანონების მიღება მაინც გაგრძელდება და კიდევ უფრო უარესი იქნება.

“2025 წელი დიდი რეპრესიების წელი იყო. ბოლო კანონით შეკრება-მანიფესტაციები ფაქტობრივად სრულად იკრძალება. პროტესტის უფლებას გვართმევენ. ამოცანაც ეს არის, რომ პროტესტი გაქრეს. ერთი წლის მანძილზე ვნახეთ, თუ რამდენიმე ცვლილება შევიდა ამ მიმართულებით - ის, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არ შესულა, ბოლო ერთი წლის მანძილზე შევიდა, რაც გაუგონარი ამბავია. ამასთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ფინანსური ტერორი, ფინანსური რეპრესიები და ფსიქოლოგიური ტერორი პროპაგანდის გავლით. ორი დღის წინ 5-ათას ლარიანი ჯარიმა კიდევ ერთხელ მომივიდა და ჯამში, აბსურდი გახდა, რადგან მხოლოდ მე 370 ათასი ლარის ჯარიმა მაქვს.

როცა ტროტუარზე დგომა არის დასჯადი, როცა ემიგრანტებს ხმის უფლება ეკრძალებათ, მალე შეიძლება ხმის უფლება კონკრეტულ ჯგუფს აუკრძალონ, მერე სხვა ჯგუფზე გადავიდნენ და ასე შემდეგ.

სიტუაცია სტატიკურად არ გაჩერდება და ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ, ეს არის წინააღმდეგობა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენი შემზღუდავი კანონი ვიხილეთ, რაც აღსრულებაში ვერ მოვიდა, რადგან საზოგადოება მას დაუპირისპირდა. ბუნებრივია, მათ პროტესტის განადგურების მცდელობა ექნებათ. ჩვენი მცდელობა იქნება ის, რომ პროტესტი გავაძლიეროთ და მეტი ადამიანი ჩავრთოთ. უნდა ითქვას, რომ რაც მეტად ძლიერდება ზომები, მასზე საზოგადოების პასუხი ყოველთვის არის. წინააღმდეგობამ გააკეთა ის, რომ ადამიანები, რომელიც გამოსვლას ყოველ დღე ვერ ახერხებენ, აქვთ საშუალება იმისა, რომ ყოველ შაბათს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შევიკრიბოთ და იქედან რუსთაველზე მარშით დავიძრათ.

რუსთაველის პროტესტი გაგრძელდება და ვერ ვხედავ ვერანაირ მოცემულობას, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებიც შეაფასა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „განათლების სისტემის განადგურება“ უწოდა.

ჭანტურიას თქმით, ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაკლები სტუდენტი მოხვდება, ნაკლებ სტუდენტს ექნება დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა და მოუწევს კერძო უნივერსიტეტებში საკუთარი ჯიბიდან გადახდა.

“განათლების სისტემა საერთო პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოვარდნილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ის დიდი პოლიტიკის ნაწილია. ის რაც გარეთ ხდება, განათლების სისტემაზე აისახება.

რამხელა უპასუხისმგებლობაა, როცა ასე მოკლე ვადებში იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ასიათასობით ადამიანზე აისახება. წარმოიდგინეთ აბიტურიენტის მდგომარეობა, რომელმაც არ იცის სად შეიძლება ჩააბაროს, არ იცის დაფინანსება ექნება თუ არა, არ იცის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას შეძლებს თუ არა, არ იცის ვინ დახვდება უნივერსიტეტში და ვინ ასწავლის. ინფორმაცია არაფერზე არა აქვს და ამ ყველაფერში უწევს მონაწილეობა, მით უფრო, რომ მისთვის აზრი არავის არ უკითხავს: - უნდა, არ უნდა, აწყობს თუ არ აწყობს.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 13 წლის თავზე აღიარებენ იმას, რომ განათლების სისტემა არის კატასტროფულ მდგომარეობაში როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამას უპირისპირდებიან იმით, რომ აღვივებენ უთანასწორობას, კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლება ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი ხდება და ისინი ამ კონკურენციაში გადარჩენას ვეღარ შეძლებენ.

თვითონ ირაკლი კობახიძემ და სხვებმა თქვეს, რომ მათი ამოცანაა სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. რის ხარჯზე ამცირებენ მნიშვნელოვნად სტუდენტების რაოდენობას? - ცხადია, იმ სტუდენტების, ვისაც ნაკლები რესურსი აქვს, რომ უკეთესად მოემზადოს, არ აქვს სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს პერსპექტივას უკლავენ და იაფ მუშა-ხელად ასაქმებენ.

კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ, საერთაშორისო გამოცდილება არ შეუსწავლიათ, არც ერთი დარგის ექსპერტი ჩართული არ იყო. ლოგიკურია კითხვა, ვის უფრო უკეთ ესმის განათლების სისტემა მზექალა შანიძეს თუ გენო პეტრიაშვილს? ვის უფრო უკეთ ესმის განათლების სისტემა მარიამ ლაშხს თუ სიმონ ჯანაშია, გია დვალს, ზაალ კოკაიას, ქეთი ჭანტურიას“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა