ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაჩინა ამ ხელისუფლების სახე, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანს, ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არ მოხდა ადამიანების წამების მუხლით საქმის ეფექტიანი გამოძიება, რაც ცხადად მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების ბუნებაზე.
„პირდაპირ დაადგინა დარღვევა იმასთან დაკავშირებით, როგორც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, რომ წამების მუხლის ეფექტიანი გამოძიება არ ხდებოდა, არ ხდებოდა განზრახ. სახელმწიფოს და ხელისუფალს აქვს ყველანაირი ბერკეტი და შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება იქნას დადგენილი და ეს არის საქმის მიზანმიმართულად არ გამოძიება და მიზანმიმართულად ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების არ დადგენა, სამართლიანი შედეგის არ დადგომა, სამართლის წართმევა დაზარალებული, ნაცემი და სავარაუდოდ ნაწამები მოქალაქეებისათვის. წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი, წამების მუხლის ეფექტიანი გამოძიების არ შესრულებაზე. ეს პირდაპირ მიუთითებს ამ ხელისუფლების ბუნებაზე“, - განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს.
სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.