სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს“.
უწყების განმარტებით, მათ დაიბარეს კონფერენციის ორგანიზატორის, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე, რომელმაც განაცხადა, რომ „ინფორმაცია ქნესეთის წევრისგან მიიღო“.
„გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა.
ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.
კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო.
მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გამოცემა Arutz Sheva-ს ინფორმაციით, პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს. გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს. „ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთხოების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, - განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.
კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატაა ხუთშაბათს დაიწყება. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები მიიღებენ.