დავით ჟღენტის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, გარდა პოლიციელის ჩვენებისა, რომლის გამომრიცხავი წერილობითი მტკიცებულებაც გვაქვს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული დავით ჟღენტის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სასამართლო ობიექტური იქნება, ერთადერთი განაჩენი, რომელიც დავით ჟღენტის მიმართ უნდა დადგეს, გამამართლებელი განაჩენია.
„სასამართლოს დავით ჟღენტის ნაწილში დეტალურად მოვახსენეთ იმ არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც დაყრდნობითაც დავით ჟღენტის მხრიდან არ დასტურდება, ბრალად წარდგენილი ქმედება. აღსანიშნავია, რომ მის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი ვიდეო/კადრი, არცერთი ფოტო და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც თეორიულად მის დანაშაულებრივ ქმედებას ასახავს. თუ სასამართლო ობიექტური იქნება, ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც დავით ჟღენტის მიმართ უნდა დადგეს ეს გამამართლებელი განაჩენია.
დავით ჟღენტის საქმეში მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არსებობს, მაგრამ არსებობს, ასევე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ამ ჩვენებას გამორიცხავს“,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც პროცესები მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.