„ქართული ოცნების“ მიზანია არაპროპორციული მეთოდებით ებრძოლონ დემონსტრაციებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, მაია კოპალეიშვილმა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში, არის უკუსვლა.
„ყველაზე დიდი უკუსვლა არის ის, რომ ქვეყანაში არის „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც გაყალბებული არჩევნების გზით არის მოსული. ეს განაპირობებს იმას, რასაც ვუყურებთ - არალეგიტიმურ პარლამენტში მნიშვნელოვან კანონებს 3 წუთში და 3 დღეში იღებენ.
„ქართული ოცნების“ პირობებში კიდევ უფრო და უფრო მეტად მკაცრდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. გაზრდილი ჯარიმები, ადმინისტრაციული ჯარიმები და ახლა, ახალი ცვლილებები, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ სურს შეზღუდოს ადამიანების გადაადგილება, რომლებიც მანიფესტაციებსა და შეკრებებში მონაწილეობენ. შეკრება-მანიფესტაცია არის ადამიანების განსაკუთრებული უფლება, რომელსაც კონსტიტუცია ცალკე გამოყოფს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
ამასთან, კოპალეიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის, განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეკრება და მანიფესტაცია „აბსოლუტური უფლება არ არის“.
მისი შეფასებით, შეკრებებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობა ადამიანის მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც შეიძლება აბსოლუტურ უფლებასთან გათანაბრდეს.
„მართალია, რომ გამოხატვისა და არც შეკრება-მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მაგრამ ეს არ აძლევს სახელმწიფოს უფლებას გამოხატვისა და შეკრება-მანიფესტაციის უფლება შეზღუდოს იმგვარად, რომ გაუთანაბრდეს უფლების ჩამორთმევას. ის რეგულაციები, რაც დააწესეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია მოაშთონ ეს უფლება.
„ქართული ოცნების“ მიზანია არაპროპორციული მეთოდებით ებრძოლონ დემონსტრაციებს. ამ დროს შეკრებებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობა არის ადამიანის მნიშვნელოვანი უფლება, რაც შეიძლება გაუტოლდეს ისეთ უფლებებს, რომლებიც არის აბსოლუტური“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.
გარდა ამისა, კოპალეიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს.
კოპალეიშვილის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ დიაგნოზია.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დიაგნოზი ამ ხელისუფლებისთვის. „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს მხოლოდ ერთი პერსონისკენ გაიშვიროს ხელი - მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის საჩივარი, აწერია - „საქართველოს წინააღმდეგ“ იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.