ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, სხვა თემებზე სასაუბროდ კი შევთანხმდით, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ თემას, რაც ახლა აშხაბადში ხდება. თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრება.

აშხაბადის გამართულ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნეიტრალიტეტი, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთიერთობის პრინციპი გამოაცხადა მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების გარანტიად.

მანამდე, ფორუმის მონაწილეებმა ერთობლივი სურათი გადაიღეს, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე და პუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთისგან სულ რამოდენიმე ნაბიჯში დგანან.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველომ მალე უარი თქვას კონსიტუციის 78- მუხლზე და საქართველო ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადოს?

- ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ. პროპაგანდისტული მედია ყოველდღე ესხმის თავს კონსტიტუციის დასახელებულ ჩანაწერს.

„ქართული ოცნების“ მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით, კონკრეტული იდეის მხარდასაჭერად აუცილებელია ამ იდეაზე კონცენტრირებული მარიონეტული პოლიტიკური ძალის შექმნა.

ეს ნაბიჯიც უკავე გადაიდგა, თხასა და მგელს ერთ საძოვარზე მოუყარეს თავი, მხედრიონელები და ზვიადისტები „ნეიტრალურ საქართველოში“ გაწევრიანდნენ და ძირს უთხრიან კონსტიტუციურ წესრიგს.

სირცხვილის გრძნობაც დაკარგულია, სტანდარტიც ფსკერზეა დაცემული. ჯერ თემურ ლენგის უზარმაზარ მემორიალთან მიიტანეს გრანდიოზული თაიგული, შემდეგ გერმანია და საფრანგეთი გამოაცხადეს ბოროტების ბასტიონად, ახლა უკვე პუტინთან ფოტოს გადაღებას არ თაკილობენ, ხვალ დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ და ა.შ.

აღარ უნდა ბევრი მტკიცება იმას, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთადერთი პრორუსულად განწყობილი სახელმწიფოა. ჩვენ რუსეთს ვემსგავსებით ავტორიტარული რეჟიმის ხასიათითაც და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებითაც, ეკონომიკური სისტემის გარდა, ყველა სფეროში რუსული ყაიდის სტრუქტურებს ვაშენებთ.

- საუბარი უნდა დავაგრძელოთ იმ გამკაცრებულ კანონმდებლობაზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო და აქციების გამართვის წესში ცვლილებებს ეხება.

ნებართვა შს სამინიტრომ უნდა გასცესო. გარდა ამისა, აქცია ტროტუარზე იმის გამო ვერ ჩატარდება, რომ გიდებს ტურისტები დაჰყავთო.

ეს ცვილებები რომ რუსთაველზე ხელისუფლების ოპონენტების პერმანენტულ აქციებს უკავშირდება, ფაქტია.

აქციების ჩატარებისთვის მმართველმა გუნდმა არა ერთ კანონში იმ ტიპის ცვლილებები შეიტანა, მათი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ წინა მიღებული კანონები ეფექტურად არ მუშაობს და გაამკაცრა ამ თვალსაზრისით კანონმდებლობა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მცდელობას მაქსიმალურად შეზღუდოს დედაქალაქის მთავარ მოედანზე პროტესტი და საპროტესტო ტალღა?

სავარაუდოდ, ამით შეძლებს ხელისუფლება რუსთაველზე პროტესტის აკრძალვას?

- წელს მეშვიდედ შეცვალეს შეკრებისა და მანიფესტაციების კანონი. ყველა ცვლილება დაჩქარებული წესით ხდება. ცვლილებებს არავის არ უთანხმებენ, მათ შესახებ არავინ მსჯელობს, პარლამენტი უსიტყვოდ ასრულებს ზემოდან წამოსულ დირექტივებსა და მითითებებს. ჩვენ, მოქალაქეებს არავინ გვეკითხება, თუ როგორი რეგულაციების პირობებში მოგვიწევს ცხოვრება.

არაფერი მიკვირს, ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ნიშნებთან გვაქვს საქმე. ანტიდემოკრატიული სისტემები ხშირად ცდილობენ, რომ დააკანონონ უკანონობა, სამართლის უზენაესობის ნაცვლად კანონის უზენაესობა დაამყარონ. ისინი შინაარსს აცლიან კანონებს, წესებს, ივიწყებენ სამართალსა და სამართლიანობას, მათ პრინციპებს, ყველა ოფიციალურ მექანიზმს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და წინააღმდეგობის ჩახშობისთვის იყენებენ.

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთადერთი პრორუსულად განწყობილი სახელმწიფოა. ჩვენ რუსეთს ვემსგავსებით ავტორიტარული რეჟიმის ხასიათითაც და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებითაც, ეკონომიკური სისტემის გარდა, ყველა სფეროში რუსული ყაიდის სტრუქტურებს ვაშენებთ

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობა ძალიან ჰგავს 2000-იან წლებში ლუკაშენკოს მიერ შემოღებულ წესებს. ბელარუსის დიქტატორიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პროტესტი კანონგარეშე მოვლენად ექცია, ხელი შეეწყო პროტესტის კრიმინალიზებისთვის.

მაშინ ადამიანებმა ბრძოლის ორიგინალურ მეთოდებზე დაიწყეს ფიქრი. ოპოზიციონერები, რომლებიც ვერსად ვერ იკრიბებოდნენ, რომელთაც აქციების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მიდიოდნენ და უბრალოდ, უმიზეზოდ ტაშს უკრავდნენ.

მოგვიანებით ერთმმართველმა აპლოდისმენტების შეზღუდვაზეც დაიწყო ფიქრი. ამგვარი აბსურდისკენ მივექანებით. ჯერჯერობით, მგონი, ჩვენს თანამოქალაქეებს შესწევთ ძალა, რომ არნახული წნეხის მიუხედავად, პროტესტის ახალ-ახალი, ორიგინალური მეთოდები გამოიგონონ. უბრალოდ, ყოველდღე უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მდგომარეობა უმძიმესია. ჩვენ თვალწინ აშენებენ მყარი ფუნდამენტის მქონე პოლიციურ რეჟიმს.

ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ნიშნებთან გვაქვს საქმე. ანტიდემოკრატიული სისტემები ხშირად ცდილობენ, რომ დააკანონონ უკანონობა, სამართლის უზენაესობის ნაცვლად კანონის უზენაესობა დაამყარონ

მაშასადამე, საქართველოში მყარდება წყობა, სადაც ხელისუფლება ძალოვანი უწყებების მეშვეობით საზოგადოებაზე საყოველთაო კონტროლს ახორციელებს, სადაც ძალოვანი უწყებები, შეიარაღებული ადამიანები იპყრობენ ყველა სფეროს, ითავსებენ ყველა სხვა სტრუქტურის მთავარ ფუნქციებს.

- რუსთაველზე აქციის დაშლისას ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების შესახებ ბი-ბი-სის ფილმზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოვისმინეთ მმართველი გუნდიდან.

შემდეგ ითქვა რომ სუს-მა დაიწყო გამოძიება, რომელმაც უამრავი ადამიანი გამოკითხა. შემდეგ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ თემაზე „გამოძიება დასრულებულია და თემა დახურულიაო.“ თუმცა, ხელისუფლება დრო და დრო იმასაც ამბობს რომ ბი-ბი-სის სასამართლოში უჩივლებს.

თავიდან იყო განცდა, რომ ეს თემა იყო „ის უიშვითესი შემთხვევა, როდესაც, შესაძლოა, ხელისუფლება მართალიც იყო, მაგრამ, მისი აღარავის სჯერა“. ყოველ შემთხვევაში, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მიჭირდა დაჯერება რომ აქციის დაშლისას ქიმიური ნივთიარება იყო გამოყენებული იმ დოზით, სადაც ხალხის მოწამვლა შეეძლო.

ახლა ამ თემაზე ვინ რას ფიქრობს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. მთავარია ხელუსუფლების ნათქვამი ხალხმა დაიჯეროს. ამისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ თემაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას რომ არავინ აპირებს, არც ბი-ბი-სისთვის ჩივილს, ეს ცხადადაც კი ჩანს. თქვენი აზრით, რატომ?

- გაოგნებული ვადევნებდი თვალს ბი-ბი-სის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებულ სკანდალს. თავდაპირველად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარის მთავარ წარმომადგენლებს, ყველაზე ხმამაღლად მოჩხუბარ პირებს რეპორტაჟი საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი. ადამიანები, რომელთაც გაგების, გააზრების პრობლემა აქვთ, ყელზე ძარღვებდაბერილნი ისტერიულად და ნერვიულად არჩევდნენ მასალას.

მოდით, ცივი გონებით გავარჩიოთ საკითხი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბი-ბი-სი არაფერს ამტკიცებს. მაუწყებელს არ აქვს საშუალება, რომ 100%-იანი პასუხები გასცეს შეკითხვებს. ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიის წარმომადგენლები ღიად და პატიოსნად გვეუბნებიან, თუ რას ეფუძნება მათი ვარაუდები.

უბრალოდ, ყოველდღე უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მდგომარეობა უმძიმესია. ჩვენ თვალწინ აშენებენ მყარი ფუნდამენტის მქონე პოლიციურ რეჟიმს

თავდაპირველად, ბრიტანელები აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ. მოაგროვეს ცნობები 2024 წელს თბილისში დაწყებული მასობრივი გამოსვლების შესახებ, დაწვრილებით გამოიკითხეს აქციების დაშლის დრამატურგია. მოგვიანებით, მაუწყებელი გაეცნო ადგილობრივ ექიმთა კვლევას, მასში რამდენიმე ასეული დაზარალებული მონაწილეობდა. კვლევა აღწერს იმ სიმპტომებს, რომლებიც დარბეულებს აღმოაჩნდათ. მათ ნაწილს ჩივილები დიდ ხანს აწუხებდა.

გამოძიებისას ბი-ბი-სი-იმ ასევე მოიპოვა პოლიციის ყოფილ თანამშრომელთა კომენტარები. მათ კორესპონდენტებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა აქციათა დარბევის პრაქტიკისა თუ ტრადიციის შესახებ, ისაუბრეს წყლის მანქანებში ჩასატუმბი მასალების დამზადებაზე და ა.შ.

მოგროვებული მასალებით ბი-ბი-სი მიადგა ავტორიტეტულ ამერიკელ ტოქსიკოლოგებს. მათ მასალები შეისწავლეს. ცხადია, ჟურნალისტური გამოძიების პირველადი შედეგები ზუსტი დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ აღმოჩნდა. ტოქსიკოლოგებმა მხოლოდ პარალელები გაავლეს კონკრეტული ქიმიური ნივთიერების ეფექტებსა და მოგროვებულ მონაცემებს შორის.

შეიძლება თუ არა, რომ ჩახუნაშვილების კვლევა არაზუსტი იყოს? რა თქმა უნდა, შეიძლება! იქნებ პოლიციის ყოფილი თანამშრომლები პირადი ბრაზით ხელმძღვანელობენ? არც ეს არის გამორიცხული! ბი-ბი-სი-ს გამოძიებაში ბევრი რამ არის სათუო.

ბი-ბი-სი არაფერს ამტკიცებს. მაუწყებელს არ აქვს საშუალება, რომ 100%-იანი პასუხები გასცეს შეკითხვებს. ბრიტანელი ჟურნალისტები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიის წარმომადგენლები ღიად და პატიოსნად გვეუბნებიან, თუ რას ეფუძნება მათი ვარაუდები

ნორმალური, მართალი ხელისუფლება უმარტივესად გაფანტავდა ბუნდოვანებას - ადგებოდა და გამოაქვეყნებდა დადგენილებას, ოფიციალურ დოკუმენტებს, სადაც გასაგებად, კონკრეტულად, ცხადად არის დასახელებული იმ ნივთიერების სახელწოდება, რომელიც წყალში გაურიეს ჩვენს დასარბევად. საკითხიც ამოიწურებოდა.

პირდაპირი მოქმედების ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება ფეტვივით დაიბნა, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაავრცელეს მოქმედმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ისრები ვანო მერაბიშვილისკენ მიმართეს, ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ოფიციალურ დოკუმენტებს, სიუჟეტის მონაწილეებს ატერორებენ.

თუ არა, რომ ჩახუნაშვილების კვლევა არაზუსტი იყოს? რა თქმა უნდა, შეიძლება! იქნებ პოლიციის ყოფილი თანამშრომლები პირადი ბრაზით ხელმძღვანელობენ? არც ეს არის გამორიცხული! ბი-ბი-სი-ს გამოძიებაში ბევრი რამ არის სათუო

ეს ყველაფერი ერთადერთ გარემოებაზე მიანიშნებს. ხელისუფლებამ დარბევის დროს უკანონოდ და უპასუხისმგებლოდ გამოიყენა ქიმიური ნივთიერებები, ამ ნივთიერებების გამოყენებისას დაუშვეს შეცდომა, არ მიყვნენ პროტოკოლს, არ აქვთ ზუსტი ცოდნა.

- 10 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით განათლების რეფორმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების რეფორმის ცალკეულ პოზიციებზე კრიტიკული საკმაოზე მეტად ითქვა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოთქვეს, გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული.

ზოგს „ერთი ქალაქი - ერთ ფაკულტეტის“ პრინციპი არ მოსწონს, ზოგი ერთი სახელმძღვანელოების შემოღებით, ასევე პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შემოღება მოსწონს. ბევრს უცხოელი სტუდენტების სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის აკრძალვა არ მოსწონს.

ამ თემაზე მსჯელობამ ცხადაც კი აჩვენა, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა მრავალი თვალსაზრსით პრავალპლასტიანია. ზოგის შეფასებით, განსახორციელებელი რეფორმა განათლების სფეროში აკადემიურ სივრცეს საქართველო საგრძნობლად დაავიწროვებს და დაიწყება ის, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში სსრკ-ს დროს, კერძოდ, 1926 წელს დაიწყო. ანუ პროფესურის ან დევნა, ან შევიწროება.

თქვენ წლებია უმაღლეს სასწავლებელში საქმიანობთ და განათლების სისტემას საკმაოდ კარგად იცნობთ. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ხელისუფლების მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმაზე?

- ამჯერად თქვენს ყურადღებას რეფორმის განხორციელების გზებს მივაპყრობ.

როგორი იგეგმება ნორმალურ ქვეყნებში რეფორმა? ყველაფერი ფუნდამენტური, სიღრმისეული კვლევით იწყება.

სახელმწიფო ცდილობს დეტალებში აღწეროს და გაანალიზოს არსებული სიტუაცია, გამოაცალკევოს და სახელი დაარქვას ყველა ძირითად პრობლემას. მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მთავარი სირთულეების გამოკვეთის დასრულებისთანავე ხელისუფლება იწყებს ფიქრს პრიორიტეტებსა და მიზნებზე.

მთავრობის წევრები საჯაროდ აცხადებენ, თუ რა არის მათთვის ამოსავალი წერტილი. შემდეგ ეტაპზე რეფორმის ავტორები ცდილობენ გაწერონ კონკრეტული მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც პრობლემებიც გადაიჭრება და დასახულ მიზნებიც მიიღწევა.

პრობლემების, მიზნებისა და მექანიზმების თავმოყრა და ერთ დოკუმენტად გაერთიანება რეფორმის დასაწყებად საკმარისი არ არის. დემოკრატიულ საზოგადოებაში რეფორმა საზოგადოებასთან უნდა შეთანხმდეს, თავდაპირველი პროექტი უნდა შეიცვალოს იმ ჯგუფების მოთხოვნების შესაბამისად, რომელთაც ცვლილებები მიემართება. მხოლოდ შეთანხმების შემდეგ იწყება ხოლმე გარდაქმნა. ერთი სიტყვით, სასიკეთო რეფორმის განხორციელება კვლევის, ღირებულებითი არჩევანის გამოკვეთის, დემოკრატიული განხილვის გარეშე შეუძლებელია.

პირდაპირი მოქმედების ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება ფეტვივით დაიბნა, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაავრცელეს მოქმედმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ისრები ვანო მერაბიშვილისკენ მიმართეს, ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ოფიციალურ დოკუმენტებს, სიუჟეტის მონაწილეებს ატერორებენ

რომელ დასახელებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა? არავის გვინახავს განათლების სისტემის ფუნდამენტური კვლევის შედეგები. ფარატინა ქაღალდზე ჩამოწერილ პუნქტებში მხოლოდ ის ჩანს, რომ ავტორიტარიზმს აშენებენ, თავად განათლების სისტემის გაჯანსაღების მიზნები არასად არ იკვეთება. რეფორმა არავისთან არ არის შეთანხმებული. სრულიად დარღვეულია უძველესი დემოკრატიული პრინციპი - „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენი მონაწილეობის გარეშე“. ფეხქვეშ თელავენ უნივერსიტეტის ავტონომიას, კონკრეტული სასწავლებლების შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაცვლად გადაწყვეტილებას მთავრობის კომისია იღებს.

სასიკეთო რეფორმის განხორციელება კვლევის, ღირებულებითი არჩევანის გამოკვეთის, დემოკრატიული განხილვის გარეშე შეუძლებელია

საქმე გვაქვს არა რეფორმასთან, არამედ ძალმომრეობასთან, ხელების გადაგრეხვასთან, აკადემიური საზოგადოების დაჩაგვრისა და გაჩუმების მცდელობასთან.

ყველაზე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ის არის, რომ განათლების რეფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ძიუდოსტიები, ვატერპოლისტები, მოჭიდავეები, პარლამენტარები, რომელთაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ობიექტურად არ ჰქონიათ საშუალება, რომ წიგნი წაეკითხათ, ძნელია ტატამზე „ტრამალის მგლის“ ფურცვლა.

ამ ძალმომრეობის მეორე მხარეს კი დგას ადეიშვილის მოადგილე, სუბიექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პენიტენციალურ სისტემაზე აგებდა პასუხს, თვითკმაყოფილი, ცოდვის შეგრძნების არმქონე იურისტი.

ერთი საუკუნის წინ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაზე მუშაობდნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, ნოე ცინცაძე. დღეს კი ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების ბედს სპორტსმენები და ყველა მთავრობის შემადგენლობაში თბილად მოკალათებული კონფორმისტი ჯალათები წყვეტენ. ეს არის ნამდვილი დეკადანსი.

ავტორიტარიზმს აშენებენ, თავად განათლების სისტემის გაჯანსაღების მიზნები არასად არ იკვეთება. რეფორმა არავისთან არ არის შეთანხმებული. სრულიად დარღვეულია უძველესი დემოკრატიული პრინციპი - „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენი მონაწილეობის გარეშე“. ფეხქვეშ თელავენ უნივერსიტეტის ავტონომიას, კონკრეტული სასწავლებლების შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაცვლად გადაწყვეტილებას მთავრობის კომისია იღებს

კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას. ხელისუფლების მტკიცებით, თურმე, პრობლემა ყოფილა, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები უმაღლეს განათლებას ესწრაფვიან. „ქართული ოცნება“ მონდომებით იმეორებს ძველ, დრომოჭმულ და სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებულ თეზისს, რომლის მიხედვითაც არ არის აუცილებელი ყველამ მიიღოს უმაღლესი განათლება.

მათ სურთ, რომ საუნივერსიტეტო ცოდნა ერთეულებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მასა კი მომსახურეობის სფეროში დაბალანაზღაურებად და დაბალკვალიფიციურ ადგილებზე უნდა დასაქმდეს, რათა მთელი თავისი ენერგიით თავი შესწიროს ნახევრად ღმერთების კეთილდღეობას. ასეთი უთანასწორო საზოგადოების ჩაბეტონების განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“.

ერთი საუკუნის წინ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაზე მუშაობდნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, ნოე ცინცაძე. დღეს კი ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების ბედს სპორტსმენები და ყველა მთავრობის შემადგენლობაში თბილად მოკალათებული კონფორმისტი ჯალათები წყვეტენ. ეს არის ნამდვილი დეკადანსი

სინამდვილეში საქართველოს პრობლემა ის კი არ არის, რომ ყველა ახალგაზრდას უნდა უმაღლესი განათლების მიღება, არამედ ის, რომ განათლების სისტემა ყველა მსურველისთვის ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი საუნივერსიტეტო ცოდნის გადაცემას. მთავრობის ამოცანა ახალგაზრდების უნივერსიტეტებიდან განდევნის ნაცვლად, უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა უნდა იყოს.

- ორიოდე დღის წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მთვარობის გადაწყვეტილებით სამთავრობო კვარტალი უნდა აშენდეს.

საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციებისა და სამინისტროების შენობები, შესაძლოა, არსენალის მთაზე გადაიტანონ.

ვითარებაში, როცა საქართველოს სკოლებში ხელისუფლება ვერ ახერხებს თუნდაც პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ბავშვები გამოკვებას, ანაც პენსიონრებს პენსიის გაზდას, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა, ამ დროს იმაზე ფიქრი რომ ახალი სამთავრობო კომპლექსი შეიქმნას, გაუგებარიც კია.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების იდეას არსენალის მთაზე აშენდეს ახალი სამთავრობო კომპლექსი?

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კორუფციაში არაერთხელ მხილებული, ანტიდემოკრატიული და სხვადასხვა კლანებზე დაფუძნებული ხელისუფლება მეგაპროექტებს ერთადერთი მიზნით გვთავაზობს. მათი ამოცანაა შექმნან ბიუჯეტიდან კოლოსალური შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსენალის მთის პროექტიც კონკრეტული დაჯგუფების გამდიდრების მიზნებს მოემსახურება.

მათ სურთ, რომ საუნივერსიტეტო ცოდნა ერთეულებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მასა კი მომსახურეობის სფეროში დაბალანაზღაურებად და დაბალკვალიფიციურ ადგილებზე უნდა დასაქმდეს, რათა მთელი თავისი ენერგიით თავი შესწიროს ნახევრად ღმერთების კეთილდღეობას. ასეთი უთანასწორო საზოგადოების ჩაბეტონების განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“

ამ ქვეყანას ახალ სამთავრობო კვარტალზე მეტად ერთი გამართული, საშუალო დონის ინდუსტრიული საწარმო სჭირდება. იყო დრო თბილისი თვითმფრინავებსა და ელმავლებს აწყობდა.

ცხადია, საბჭოთა დრო ვერ დაბრუნდება, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ჩვენ კვლავ შეგვწევს ძალა მაღალი ტექნოლოგიებისა და მრეწველობის დარგების განვითარებისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია.

- დამკვირვებელთა უმეტესობა თახმდება, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების ზღვარზეა.

ვითარებაში, როცა შეუძლებელია იმის თქმა, სავარაუდოდ, როგორ განვითრდება პროცესები, სამწუხაროდ, ცხადადაც კი ჩანს, რომ ჩვენ ქვეყანას თუ არ უნდა არასასურველ ტურბულენციაში მოხვდეს, ქვეყნის შიგნით საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული და ასე შემდეგ.

არადა, საშინაო პოლიტიკაში თითქმის ყველა საკითხზე იმ დონის და ისეთი აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება ითქვას, ასეთი ფრაგმენტიზებული ქართული საზოგადოება კარგა ხანია არ ყოფილა.

ასეთ ვითარებას ხელს ისიც უწყობს, როგორც თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ბრძანეთ - „ოლიგარქიის ამოცანაა, რომ წინააღმდეგობას მხოლოდ კარნავალური ხასიათი ჰქონდეს, მხოლოდ ვერბალური ჯანყის ფუჭ მიზნებს ემსახურებოდეს“.

მოახლოებულ ახალ 2026 წელს რა საშინაო და საგარეო პრობლემებით ხვდება ხელისუფლება, ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება?

- ოპოზიცია აგონიაშია. ყველა ლიდერი დაპატიმრებულია, გარეთ დარჩენილები დაკავების მოლოდინში იძინებენ და იღვიძებენ ან ქვეყნიდან გარბიან. პარტიული სტრუქტურები მორღვეულია. მათი მედიები ახალ დღის წესრიგს ვერ გვთავაზობენ და ერთსა და იმავე მოდუსში არიან ჩაციკლულნი. მიუხედავად ყველაფრისა, ამბიციების დაცხრობას და თავის გადადებას არავინ აპირებს. ამ წყობის ოპოზიცია ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ხელისუფლება ძალიან საშიშია და სრულად ხელმძღვანელობს რუსული გამოცდილებით. რამდენიმე თვეა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში აქტიურად მსჯელობენ „ციფრული სუვერენიტეტის“ იდეაზე.

კრემლის მხარდამჭერი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უცხო ქვეყნები ინტერნეტში სპეციალურად წარმოქმნიან იმგვარ საინფორმაციო ნაკადებს, რომლებიც ზემოქმედებენ ადგილობრივთა განწყობებზე.

მათი ამოცანაა შექმნან ბიუჯეტიდან კოლოსალური შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსენალის მთის პროექტიც კონკრეტული დაჯგუფების გამდიდრების მიზნებს მოემსახურება

მავნე ზემოქმედების შესაჩერებლად ხელისუფლებამ აკრძალა ყველა დამოუკიდებელი მესენჯერ აპლიკაცია, ყველა საბიუჯეტო სტრუქტურას დაევალა, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი პროგრამით, „მაქსით“ დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია.

დრონებით შემოტევის შესაჩერებლად, რუსეთის სხვადასხვა მხარეში ხშირად ითიშება უკაბელო ინტერნეტი, სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის დროს მოქალაქეებს ეზღუდებათ საკუთარ სიმ ბარათზე წვდომა, რუსეთში ათასობით საიტი დაბლოკილია, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს უმარტივესად შეუძლია ხელში ჩაიგდოს ნებისმიერი მოქალაქის პირადი მონაცემები.

არ არის გამორიცხული მომავალში „ქართული ოცნება“ იმავე გზას დაადგეს, უნივერსიტეტების აღების შემდეგ თანამედროვე მედიის ჯერი დადგება. უკვე აღარაფერი აღარ არის გამორიცხული.

ოპოზიცია აგონიაშია. ყველა ლიდერი დაპატიმრებულია, გარეთ დარჩენილები დაკავების მოლოდინში იძინებენ და იღვიძებენ ან ქვეყნიდან გარბიან. პარტიული სტრუქტურები მორღვეულია. მათი მედიები ახალ დღის წესრიგს ვერ გვთავაზობენ და ერთსა და იმავე მოდუსში არიან ჩაციკლულნი. მიუხედავად ყველაფრისა, ამბიციების დაცხრობას და თავის გადადებას არავინ აპირებს. ამ წყობის ოპოზიცია ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

საზოგადოების ყოფაზე კი, თქვენი ნებართვით, „კავკასიური სახლის“ მაგალითზე ვიმსჯელებ.

თქვენ კარგად იცით ჩვენი საქმიანობის შესახებ. გვაქვს შაბათ-კვირის სკოლა პერიფერიაში მცხოვრები ბავშვებისთვის (სოფელი ზემო მაღარო, სიღნაღი), მეორე ათწლეულია ჩავარდნის გარეშე მუშაობს სახალხო უნივერსიტეტი, სადაც ლექციების ნახევარზე მეტი კავკასიელ ხალხებს ეძღვნებათ, გამოვცემთ წიგნებს, ვმასპინძლობთ რელიგიურ და ნაციონალურ უმცირესობებს, გვაქვს დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან.

წლების განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ არაპოლიტიკურ ევროპულ ფონდებს, მათ უკეთილშობილეს წარმომადგენლებს არ დაეკარგათ საქართველოს მიმართ ინტერესი.

ყველაზე ბედნიერი შეგრძნება ადამიანთა დასაქმება და მათი შრომის დაფასება ყოფილა. 30-მდე ადამიანს სოფლად და ქალაქად ხელფასს ვუხდით, მათ შორის პენსიონერებსაც. 30-მდე მუდმივი თანამშრომლის გარდა უამრავი რედაქტორი, მთარგმნელი, მწერალი და სტუდენტი-სტაჟიორი იღებს მცირე, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვან ჰონორარს ჩვენგან.

თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივი და სტანდარტული NGO არ ვართ, არცერთი თეთრი არ გვაქვს დასამალი, ჩვენი ორგანიზაციის არცერთი დაფინანსებული აქტივობა ქართული გაგებით პოლიტიკური არ არის. ჩვენი პოლიტიკური პროფილი მხოლოდ გამგეობის წევრთა უშვიათესი სატელევიზიო გამოსვლებით შემოიფარგლება.

არ არის გამორიცხული მომავალში „ქართული ოცნება“ იმავე გზას დაადგეს, უნივერსიტეტების აღების შემდეგ თანამედროვე მედიის ჯერი დადგება. უკვე აღარაფერი აღარ არის გამორიცხული

მომავალი წლისთვისაც, დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ დაფინანსება.

ახლა რამდენიმე ათეული ადამიანის ბედი, მათი სამუშაო ადგილი, შემოსავალი და გადაუჭარბლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთი მათგანის სიცოცხლეც კი დამოკიდებულია მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. მათ უნდა მისცენ ნებართვა ერთ კეთილშობილ ოჯახს, რომ მცირე ფინანსური მხარდაჭერა ჩაგვირიცხონ.

რისი თქმა მინდა? ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, საზოგადოების ღირსეული წევრები სამსახურის დაკარგვის შიშით, რეპრესიების გაფართოების მოლოდინით ცხოვრობენ და უსამართლობის შეგრძნება ახრჩობთ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი